LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთისთვის ამოსავალია ქართველი ხალხის ნება: იქ, სადაც რუსეთია, პრობლემები არ გვარდება

146
17.09.00_11_32_11.Still003

საქართველოს უახლოეს ისტორიაში კიდევ ერთხელ დგას მნიშვნელოვანი, შესაძლოა გადამწყვეტი მომენტიც: ბოლო წლებში ევროპის განსაკუთრებულმა ყურადღებამ და ნაბიჯებმა ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტოდ დაუახლოვდა ევროპას, თუმცა ბოლო პერიოდში დასავლეთიდან არა თუ შემაშფოთებელი განცხადებები გვესმის, არამედ დაიწყო სანქციების პროცესიც.

სადამდე შეიძლება ეს პროცესი წავიდეს, როგორ შეიძლება, თუ საერთოდ შეიძლება, რუსეთთან ურთიერთობა, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს უკრაინაში მიმდინარე ომმა?.. ევროპულ პერსპექტივებთან დაკავშირებით „ფორტუნა“ ესაუბრა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროს მკვლევარს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილესა და საქართველოს ყოფილ ელჩი დანიასა და ისლანდიაში გიგი გიგიაძეს.

მალე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელსაც რეფერენდუმის სტატუსიც კი მიენიჭა. ევროპაც განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს სანქციები: აისახება მოსახლეობაზე თუ დარჩება პოლიტიკურ ჭრილში? თუ მისთვის სასურველი შედეგი არ დადგა, როგორი შეიძლება იყოს მოსალოდნელი რეაქცია?

26 ოქტომბერი ნამდვილად იქნება ერთგვარი წყალგამყოფი, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაკეთოს არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამოსავალი წერტილი იქნება არჩევნების ჩატარების ხარისხი, გამჭირვალობა. ის შეფასებები, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლები გააკეთებენ.

რასაკვირველია, ქართველ ხალხს ვერავინ ვერ უკარნახებს რა არჩევანი უნდა გააკეთოს. ადამიანებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რას უჭერენ მხარს.
უბრალოდ, ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, სამართლიანი, არსებული კანონებისა და რეგულაციების დაცვით.

რადგან ამ არჩევნების მიმართ ინტერესი დიდია, გვექნება მრავალი მხარის შეფასება, დეტალურად გაყვებიან პროცესს, აღარ მოხდება არანაირი მცირედი შეცდომის პატიება, არ იქნება თვალის დახუჭვა. დასავლელი პარტნიორები კონკრეტულად განახორციელებენ ამ არჩევნების შეფასებას.

მოლოდინი არის, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ განხორციელდება სათანადოდ, შეიძლება საქართველომ დაკარგოს ბევრი სიკეთე. იგივე კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათები. ამოსავალი იქნება არჩევნების მაღალი შეფასება. სხვა შემთხვევაში უნდა ველოდოთ სანქციების გაგრძელებას.
უნდა გვესმოდეს, ისტორიაში არ არსებობს პრაქტიკა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გამხდარიყოს სანქცირებული ხელისუფლების პირობებში.

ფართო საზოგადოებას ყველაზე მეტად უვიზო რეჟიმის საკითხი აწუხებს. აქამდეც შეიძლება მივიდეს საქმე?

შეგვიძლია განვიხილოთ სხვადასხვა სცენარი თუ რა სახის სანქციებს მიმართავს ევროკავშირი თუ ადგილი ექნება დემოკრატიული ხარისხის ვარდნას. ერთ-ერთი არის სავიზო რეჟიმის გადახედვა. ეს უკიდურესად უსიამოვნო და ნეგატიურია. არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ეს უპირობოდ მოხდება, მაგრამ ევროკავშირს გააჩნია ეს ინსტრუმენტი, ისევე როგორც კანდიდატის სტატუსის შეჩერების და სხვა მრავალიც. მოკლედ, მრავალწახნაგოვანი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს.

დიპლომატიურ სამსახურებში გიმუშავიათ და მინდა გკითხოთ: სად გადის ზღვარი იცით რას შორის – თუ ჩვენს ოჯახში მოდიხარ, ჩვენი ქცევის წესები უნდა მიიღო-სა და ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებებში ჩარევას შორის. აქ არ ვგულისხმობ მაინც და მაინც „გამჭირვალობის კანონს“, თუნდაც ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებული საკითხი…

დასავლელი პარტნიორებისთვის ამოსავალი წერტილი არის ქართველი ხალხის გაცხადებული ნება. ვიცით, რომ ბოლო ათეული წლებია აბსოლუტური უმრავლესობა უწყვეტად უჭერს მხარს ევროკავშირისკენ სწრაფვას. ქართველი ხალხი ძალიან კონკრეტულ დავალებას აძლევს ხელისუფლებას: რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში, ნატოში, უსაფრთხოების გარანტიები და მაქსიმალურად დაახლოება ევროპულ ოჯახთან.

ბოლო დროს რაც ჩანს, ხელისუფლება მოდის წინააღმდეგობაში არა დასავლეთთან, არამედ საკუთარ ხალხთან. მეტიც, გვესმის ანტიდასავლური რიტორიკა – ასეთი ევროპა არ გვინდა, ასეთ ევროპას გამოვასწორებთ, ასეთი ევროპა გინდათ?..

უნდა გვესმოდეს, რომ ევროპის მხრიდან არანაირი ძალდატანება არ არსებობს. საქართველოა ის მხარე, რომელსაც სურვილი აქვს გაწევრიანდეს და ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. ამისათვის არის საბაზისო წინაპირობები, რომელიც უნდა დავიცვათ. ეს გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში. არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი და ეს ვალდებულები აღებული გვაქვს.

დღეს რა ეტაპზე ვართ? 12 რეკომენდაციის შემდეგ, დღეს გვაქვს 9 ნაბიჯი. ბევრად გამარტივებულია, მხოლოდ 9 ნაბიჯია გადასადგამი, რომ მოხდეს ევროპულ მომავალზე საუბარი და კონკრეტულად დაიწყოს მოლაპარაკებების გახსნა.

თავად ევროკავშირშიც მიმდინარეობს საუბრები და არ არიან ჩამოყალიბებული გარკვეულ საკითხებზე. ეს გახლავთ დიალოგის თემა, არანაირ ძალდატანებას ადგილი არ აქვს, ეს იმთავითვე უნდა გამოირიცხოს. დიალოგის შედეგად ხდება კომპრომისების მიღება. ევროკავშირი მაქსიმალურად უზრუნველყოფს თითოეული ქვეყნის იდენტობას. 4 წელიწადი დანიაში ვმუშაობდი. დანიელები ჩვენზე მეტადაც კი უფრთხილდებიან საკუთარ თვითმყოფადობას, დანიელობას. მათ გარანტირებული აქვთ ამის დაცვა. მარტივი მაგალითია კრონა. მათ სურთ, რომ ჰქონდეთ საკუთარი ვალუტა, რომ გამოსახული იყოს საკუთარი დედოფალი. ამას უზრუნველყოფს ევროკავშირი. მთავარი ლოგო რა არის – ერთიანობა მრავალფეროვნებაშია.

კიდევ ერთხელ – მთავარი გზავნილი არის მოლაპარაკების გზა. ჩვენ ვლაპარაკობთ და დისკუსიის შედეგად ხდება შეთანხმება.

ცხოვრებაშიც ასეა, რომ თბილი სიტყვით კონფლიქტური სიტუაციები გვარდება, მაგრამ რამდენად ხდება ასეთი რამ დიდ პოლიტიკაში? ერთი რომელიმე მხარისთვის სასურველი სიტყვების მოსმენით რამდენად გვარდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ტერიტორიული დავები. ტკბილი სიტყვით შესაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?

ჩვენ გაცხადებულად ვამბობთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვაპირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მხარეების მეტი ჩართულობით მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა და სუვერენიტეტის დაცვა.

უახლესმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ სადაც მონაწილეობს რუსეთი, მის გამო პრობლემის გადაჭრა არ ხერხდება. რუსეთი არის ძალა, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გაახანგრძლივოს კონფლიქტი, ხელი შუეშალოს ადამიანების დიალოგს, დაზავებას, ახალ ეტაპზე გადასვლას.

საქართველოში არავინ არ არის იმდენად მიამიტი, დაიჯეროს, რომ რუსეთის ჩარევით შესაძლებელია რაიმე ეთნიკური კონფლიქტის გადაჭრა. ამის არანაირი ინტერესი არ აქვს.
რუსეთი არასდროს არ იქნება დაინტერესებული მის მოსაზღვრე ქვეყნებში იყოს სტაბილურობა დემოკრატია, განვითარება, რადგან ასეთი ქვეყნები იქნება რთულად საკონტროლებელი.

რუსეთი ვერასოდეს ვერ იქნება დადებითი იმპულსის შემომტანი საქართველოსთან მიმართებით ეთნიკური კონფლიქტების დარეგულირების საკითხში.

უკრაინამ ანუ დასავლეთმა, წარმატებას რომ მიაღწიოს რუსეთთან ომში, რამდენად ეყოფა რესურსი ხანგრძლივად შეინარჩუნოს ეს უპირატესობა და გავლენა ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე თუ ომი ისე დასრულდა, როგორც ყველას გვინდა და რაც საქართველოსთვისაც სახეირო და სასარგებლო იქნება?

სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ერთადერთი გამოსავალი უკრაინის გამარჯვება და ტერიტორიების აღდგენაა, ყირიმის ჩათვლით. ხშირად გვესმის, რომ აი გაიყინა პროცესი, წინ ვერ მიდის, რა შეიძლება გაკეთდეს… მიმაჩნია ყველა მსგავსი განცხადება ემსახურება რუსეთის ინტერესებს. თუმცა ბოლო დროს შეიცვალა ვითარება, უკრაინა გადავიდა შეტევაზე და გაყინვა ვეღარ მოხდება. გამოდის, რომ უკრაინას უნდა დარჩეს რუსეთის ტერიტორია. მართებული იყო უკრაინელების შეტევა, რათა მომხდარიყო მსგავსი დიალოგის გამორიცხვა.

უკრაინაში ჩვენ ვაკვირდებით თავდასხმას საერთაშორისო წესრიგსა და ნორმებზე. თუ რუსეთს გაუვა მსგავსი საქციელი, ის გააგრძელებს იგივე ტაქტიკას, ძალების მოკრების შემდეგ. დასავლეთმა ბოლომდე უნდა დაიცვას საერთაშორისო წესრიგი, ამას ალტერნატივა არ გააჩნია. თუ ხდება რაიმე ფორმით სტატუს-კვოს შენარჩუნება, ეს არის წინაპირობა, რომ რუსეთი გააგრძელებს თავდასხმას ევროპის სხვა ქვეყნებზეც.

პირველი საგარეო სამიზნე იყო საქართველო. 2008 წელს მოხდა პირდაპირი ანექსია, ოკუპაცია და მერე აღიარება. დასავლეთის იმ არასაკმარისმა რეაქციამ დიდწილად განაპირობა, რაც რუსეთმა შემდეგ გააკეთა. ჩათვალა, რომ გაუვიდა. რუსეთის მიმართ დაშვებულმა უზუსტობებმა, არასწორმა გზავნილებმა მოიტანა ის, რომ რუსეთმა ჩათვალა, რომ მეტიც შეიძლება გაუვიდეს.

ეს პროცესი უნდა დასრულდეს უკრაინის ცალსახი გამარჯვებით. დასავლეთმა უნდა მოახერხოს უკრაინის სუვერენიტეტის გარანტირება და მერე ვნახოთ რა პროცესები დაიწყება თავად რუსეთში.
რუსეთი დიდ ფასს იხდის და ეს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, მოდევნო წლისთვის სერიოზული პრობლემები გაჩნდება, თუმცა არ გვინდა გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება, ხოლო რაც არის ამჟამად, გახლავთ ის, რომ რუსეთი რეალურად ვერ აღწევს ვერცერთ დასახულ მიზანს.

ფოტო: „ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდი
pbs