LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლ-ქმრის ჩხუბი “სულელს მართალი აღარ ჰგონია” – ოჯახურ დანაშაულებზე ქალთა მიმართვიანობა იზრდება

ოჯახურ დანაშაულებსა და სამართალდამცავი უწყებებისადმი ქალთა მიმართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება – 2017 წელს სამართალდამცავ ორგანოს ოთხი ათასმა ქალმა მიმართა, 2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით, უკვე ხუთი ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერია გაცემული. გაზრდილია მიმართვიანობა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზეც – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოში ყოველი 7 ქალიდან ერთი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სტატისტიკის ეროვნული სააგენტოსა და ევროკავშირის წელს ჩატარებული ერთობლივი კვლევა იუწყება. პრობლემის აღმოსაფხვრელად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს დგამს. კერძოდ, სექტემბერში შსს-ს სისტემაში რისკის შეფასების ინსტრუმენტი დაინერგა. სპეციალისტები სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერის გაცემას, რაც, უწყების განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი ძალიან ეფექტიანად მუშაობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ანა თავხელიძე ქალების მხრიდან სამართალდამცავი უწყებების მიმართ მიმართვიანობის გაზრდას რამდენიმე, კომპლექსურ საკითხს უკავშირებს. ერთ-ერთი მიზეზი, თავხელიძის შეფასებით, საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდაა.

„ადამიანებს ინფორმაცია აქვთ საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ, რომ ერთის მხრივ, მაგალითად, სიტყვიერი შეურაცხყოფა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორეს მხრივ, ამაზე რეაგირება სახელმწიფოს ვალდებულებაა. იციან ის, რომ დამატებითი სერვისები არსებობს; ასევე, ისიც, რომ ადამიანებმა შეიძლება სტატუსი შეიძინონ და მოძალადისგან შორს, თუნდაც თავშესაფარში გადავიდნენ,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანა თავხელიძემ.

იურისტის თქმით, მრავალ მიზეზს შორის არის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი – როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სახელმწიფო რიგ შემთხვევებს რეაგირების გარეშე არ ტოვებს და საჯარო განხილვის საგანია ოჯახში ძალადობის შემთხვევები, მოძალადეების დაკავება, მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება, იურისტის აზრით, ეს ფაქტორები პოზიტიურად აისახება სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ დამოკიდებულებაზეც და საზოგადობის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაზეც ახდენს გავლენას.

„პოლიციის ეფექტური რეაგირება განმაპირობებელია სწორედ საზოგადოების ნდობაზე. შემიძლია, ვთქვა, რომ შსს-ს მხრიდან ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ნამდვილად გაიზარდა ეფექტური რეაგირების მაჩვენებელი, თუმცა ამ კუთხით რიგი გამოწვევები მაინც რჩება,“ – აცხადებს თავხელიძე.

შემაკავებელი ორდერი 1 თვემდე, ხოლო დამცავი – 6 თვემდე ვადით გამოიცემა. მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ. დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ხოლო შემაკავებელ ორდერს გასცემს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი.

„2017 წელს შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია მხოლოდ 7%-მა, ხოლო 2018 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა და ორდერის პირობები დაარღვია მხოლოდ 6%-მა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერების დარღვევა ძირითადად, გამოხატული იყო ე.წ. „მიახლოვების აკრძალვის” დარღვევაში და არა დანაშაულის ჩადენაში, ორდერის დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იყო მყისიერი – 2018 წლის 6 თვეში ორდერის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 185 პირს, ხოლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 24 პირს,“ – აღნიშნავენ შსს-ში.

შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობის გაზრდაზე, იურისტი ანა თავხელიძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ საზოგადოებაზე დადებითად აისახება. კერძოდ, იურისტის თქმით, მსგავსი რამ ხალხს სურვილს უჩენს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პოლიციას თავადაც მიმართონ.

„სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და მედიის როლი მსგავსი საკითხების გაშუქებისას ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, როცა ხედავს მოძალადე, რომ დარღვევის შემთხვევაში მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება, ეს ყველაფერი პრევენციული ხასიათის მატარებელია, ზოგადად, ყველასთვის და არა ერთი კონკრეტული მოძალადისთვის. შესაბამისად, სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება აისახება შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელზე,“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

ახლა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ელექტრონული სამაჯურების დანერგვაა, რომლით უზრუნველყოფაც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია. უწყებაში გამარტავენ, რომ ამ სიახლის ამოქმედებას, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.

საგულისხმოა ისიც, რომ ოჯახში ძალადობაში 2018 წელს 16 პოლიციელი ამხილეს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, დისციპლინური სახდელი დაეკისრა რვა პოლიციელს, რომელთა მიმართ გამოძიების პარალელურად გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა. ინფორმაციას შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში – 4 339 საქმეზე. გასულ წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში – 3000-მდე პირის მიმართ. შარშან გამოიცა 4370, წელს კი – 5472 შემაკავებელი ორდერი; ამასთან, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი იყო – 9%, 2018 წლის 9 თვეში – 6%, ხოლო 2018 წლის სექტემბერში (რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ) – 4%.

„გაიზარდა გამოძიების მიმდინარეობისას დისკრიმინაციული ნიშნისა და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც. 2017 წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ, 2018 წლის ცხრა თვეში კი სიძულვილის მოტივი გამოკვეთილ იქნა 100-მდე სისხლის სამართლის საქმეში; გაუმჯობესდა ტრეფიკინგთან ბრძოლის მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გააქტიურებით; დაიწყო და მიმდინარეობს პოლიციის დანაყოფებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული გარემოს მოწყობა,“ – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ანგარიშში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის ცხრა თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის შესაძლებლობას იძლევა.

ამასთან, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე, დისკრიმინაციული დანაშაულის საკითხებზე დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება გამომძიებელთა სპეციალიზაციისა და გადამზადების პროცესი.

თათია კაკიაშვილი

mazda magti 5g