სომხეთის პარლამენტმა დღეს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად 71 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, ვაჰაგნ ხაჩატრიანი აირჩია. ის მმართველმა ფრაქცია “სამოქალაქო თანხმობამ” წარადგინა.
გუშინ, 2 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 69 დეპუტატი მონაწილეობდა. 69-ვემ ხმა ხაჩატრიანის სასარგებლოდ მისცა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველ ტურში პრეზიდენტის ასარჩევად სულ მცირე 81 ხმა იყო საჭირო, მმართველ ფრაქციას კი მხოლოდ 71 მანდატი აქვს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატს 65 ხმა უნდა მიეღო.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს მოულოდნელად გადადგა. თავისი გადაწყვეტილება მან პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილებით ახსნა.
ამის შემდეგ მმართველმა ფრაქციამ “სამოქალაქო თანხმობა” პრეზიდენტობის კანდიდატად ვაჰაგნ ხაჩატრიანი წარადგინა.
ოპოზიციური ფრაქციები “ჰაიასტანი” და “მე მაქვს ღირსება” კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ, რათა ამ პროცესისთვის ლეგიტიმაცია არ მიეცათ.
არმენ სარქისიანის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან და პარლამენტის უმრავლესობასთან ჰარმონიაში უნდა იმუშაოს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ, არამედ უნდა ავსებდნენ ერთმანეთს.