თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დაავალა, აკრძალულ ადგილებში გაკრული საარჩევნო პლაკატები „ჩამორეცხონ“. მისი განცხადებით, ძალიან ცუდია, რომ „სულელური პლაკატებით“ ქალაქის მნიშვნელოვან ადგილებს ამახინჯებენ.
„მინდა შევეხო საკმაოდ მტკივნეულ და პოლიტიკური სუბიექტებისთვის უხერხულ საკითხს. ყველამ იცით, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული არის კონკრეტული ადგილები, სადაც არ შეიძლება პლაკატების გაკვრა. სამწუხაროდ, თბილისში არის ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატები არის გაკრული ისტორიულ ძეგლებზე, მეტროს ჩასასვლელებზე და ბევრ ისეთ ადგილას, რაც უხერხულობას ქმნის. მე მაქვს ძალიან ბევრი მაგალითი. მე მესმის, რომ არჩევნებია, მაგრამ ქალაქი ხომ ყველას გვიყვარს?! გული შეგვტკივა მასზე და არ უნდა გამოვიდეთ მარტო ჩვენი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. ამიტომ მინდა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალო, რომ დღესვე დაიწყოთ დასუფთავება და გარეცვხვა ამ კონკრეტული ადგილების. არის გამოყოფილი ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება განათავსონ პლაკატები და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ამახინჯებენ ამ სულელური პლაკატებით. დღესვე იმოქმედეთ,“ – მიმართა კალაძემ ლევან ჯღარკავას.
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ფოტო წარადგინა, რომლებზეც ასახულია მეტროს ჩასასვლელებთან გაკრული საარჩევნო პლაკატები.