რადიო „არ დაიდარდოს” დილის ეთერის სტუმარი მომღერალი ტატო გოდერძიშვილი გახლდათ. მომღერალმა ჩართვაში გაიხსენა სიმღერა, რომელმაც 2017 წელს უკრაინაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვება მოუტანა.
-ტატო, „რუსთავი 2” – ზე ვნახე შენი არაჩვეულებრივი შესრულება, რომელიც პატრიოტიზმით იყო სავსე …
-მოგეხსენებათ, როგორ განსაცდელშია ჩვენი მოძმე ერი, ჩვენი უკრაინა. ყველა განვიცდით და თვალ-ყურს ვადევნებთ განვითარებულ სიტუაციას. მე როგორც რიგითი ქართველი, როგორც ხელოვანი ადამიანი ისე ვუდგავარ გვერდით უკრაინას, როგორც შემიძლია და სწორედ ამიტომ შევასრულე ეს სიმღერა. ბევრჯერ მინახავს ამ სიმღერაზე აცრემლებული ქართველი და უკრაინელი დედები და განმიახლდა ემოციები ამ სიმღერის შესრულებისას. ვეფერები თითოეულ უკრაინელს და როგორც შემიძლია ვამხნევებ. მშვიდობას ვუსურვებ ამ ხალხს და ვისურვებ მალე დასრულდეს ეს უბედურება.
-ვიცი, რომ უკრაინაში ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებულიც გახდი…
-ნამდვილად, 2017 წელს, საერთაშორისო ფესტივალზე „море друзей”, სადაც 30 ქვეყანა მონაწილეობდა, გრანპრის მფლობელი გავხდი ამ სიმღერით. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ისიც კი არ მეგონა ფინალისტი თუ გავხდებოდი, არათუ გამარჯვებული. ძალიან რთული გზა გამოვიარე, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებით დასრულდა. მაშინაც რთული და დაძაბული სიტუაცია იყო უკრაინაში, მაგრამ არა ამდენად. სამწუხაროა, რომ ბედნიერებით ნამღერ სიმღერას, ახლა სულ სხვა განცდებით და ემოციებით ვასრულებ.