პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმად პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტებზე უარი უთხრეს.
როგორც კობახიძე ამბობს, “ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით”.
ჟურნალისტების კითხვაზე, ტყუილში ადანაშაულებს თუ არა პრეზიდენტს, კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სავარაუდოდ, მართალი თქვა.
„პირიქით, თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ მართალი თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია, მაგას გავარკვევთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მას შეუზღუდეს საერთაშორისო ვიზიტები.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”. – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.