ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პარლამენტს მიმართავს. სხდომას ესწრებიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან, მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები და დიპლომატები. პარლამენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა
პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომებზე, რომელიც არ ტარდება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი არც ერთი მოთხოვნა გაზიარებული არ იქნა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას შეუზღუდეს საერთაშორისო ვიზიტები.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”. – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე სიტყვებით, „ამ ურთულესს პერიოდში, ყველამ უნდა შეიგნოს რა ხდება ჩვენს თავს. ყველა ერთად აზრზე მოვიდეთ, ჩავდგეთ ამ ახალ კალაპოტში და ქვეყანას ვაჩვენოთ გეზი და გზა”.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, “დროა ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა და არც მეორეს კუთვნილება გახდება”.
პრეზიდენტი: რუსულ აგრესიასთან თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას იწვევს, საქართველო იდგა და დგას უკრაინის გვერდით
"საქართველოს ისტორია, ისევე როგორც უკრაინის, სიამაყისა და თავდადების ისტორიაა", - თქვა ზურაბიშვილმა.
“გამოვასწოროთ ის, რაც წინსვლის და წარმატების გზაზე გვაფერხებს. ერთიანობა ჩვენი ერთადერთი გამოსავალია! ეს ერთიანობა იწყება პრეზიდენტით, რამეთუ კონსტიტუციით ის ერთიანობის გარანტია.
ამიტომ აბსურდია, სხვა რომ არა ვთქვა რა, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში, მაშინ, როცა ის, რუსთაველზე გამოჩნდა იმისათვის და იმის გამო, რომ სრულიად საქართველო წარმოედგინა! წარმოედგინა ყველა, ვინც პოლიტიკური პლაკატების გამო არ მივიდა და ვინც უბრალოდ ვერ მივიდა. ამავდროულად, პრეზიდენტი, რუსთაველზე მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლად წარდგა, როგორც ამას ქართული ზრდილობა მოითხოვს! ეს დაყოფა კი არაა, ეს ეროვნული თანხმობის პირველი გამოხატულებაა! ვისაც ეს არ ესმის, ერის ხმაც არ ესმის! პოლიტიკოსებმა თუ ვერა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი მშვენივრად გაიგო.
და დროა ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა და არც მეორეს კუთვნილება გახდება. ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ინაუგურაციაზე დადებულ პირობას: „კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“ .
პრეზიდენტის ინსტიტუტს მხოლოდ პატივისცემა არ ჰყოფნის, მასთან თანამშრომლობა აუცილებელია, მითუმეტეს ამ ურთულეს პერიოდში. ომი უკრაინაში, ევროკავშირის ახალი მიდგომები, საქართველოს ადგილი ამ ცვლილებების ფონზე, საფრთხეები და მზადყოფნა… ეს ის თემებია, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში განხილვის და მსჯელობის საგანი იქნებოდა და უნდა იყოს, არა მხოლოდ მთავრობის წიაღში, არამედ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, პარლამენტში უმრავლესობასა და სხვადასხვა ოპოზიციას შორის.
ამიტომ ორი კვირის წინ, ხელი მოვაწერე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელსაც უკრაინის საკითხი უნდა განეხილა. ამიტომ მოვითხოვე უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარება.
ამიტომ მივმართე პარლამენტს, რათა ჩემი ევროპიდან დაბრუნებისთანავე, 5 მარტს დაენიშნა ჩემი გამოსვლა. არცერთი მოწოდება გაზიარებული არ იქნა, არ ჩანიშნულა არც რიგგარეშე სხდომა, არც გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, დაბოლოს, წლიური გამოსვლისათვის მოთხოვნილი თარიღიც არ იქნა დაკმაყოფილებული.
ამ დროს გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები…
არანაირი დაყოფა და ცალ-ცალკე სირბილი ჩვენს პარტნიორებთან! საჭიროა ერთიანი შეთანხმებული გეგმის მომზადება და წარდგენა, რომელიც შემდეგ არ დაექვემდებარება ანულირებას! პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და პარლამენტი, ყველა პოლიტიკური ძალა, მედია, არასამთავრობოები, რიგითი მოქალაქეები, ყველა ერთი გეგმის ირგვლივ და ერთი მიზნით უნდა გავერთიანდეთ და ვმოქმედებდეთ. ვმუშაობდეთ იმ რეფორმების პაკეტზე, რომლის შესრულება აუცილებელი იქნება თუ სერიოზულად ვხედავთ ჩვენ მომავალს ევროპაში. ეს იქნება ეროვნული თანხმობის ნამდვილი გამოხატულება, რომლის გარეშეც, აქამდე ევროკავშირში არცერთი ქვეყანა გაწევრიანებულა.
ასევე, უკრაინის ომის მიმართ ჩვენი მიდგომა სრულიად კონსოლიდირებული უნდა იყოს, არ შეიძლება ვინმეს, მოყვასსა თუ მტერს, ეჭვი გაუჩნდეს” – განაცხადა პრეზიდენტმა.