LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: ჩვენ არ გვაწყობს უსაფრთხოების ძველი სისტემა, სადაც დომინანტ როლს ნატო ასრულებდა – რა ახალ მოდელს აანონსებს უკრაინა

96
FORTUNA.GE (1)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გამოცემა „მედუზასთან“ ინტერვიუში განაცხადა,  „ჩვენ არ გვაწყობს უსაფრთხოების ძველი სისტემა, სადაც დომინანტ როლს ნატო ასრულებდა“.

„ჩვენთვის პრინციპულია არა უბრალოდ სამშვიდობო შეთანხმება, ეს ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ არ გვაწყობს უსაფრთხოების ძველი სისტემა, სადაც დომინანტ როლს ნატო ასრულებდა. ჩვენ ხომ მივისწრაფოდით ნატოსკენ, ვიყავით, არსებითად, მათი უმცროსი პარტნიორი. ომის დროს ჩვენ გვჭირდებოდა საკონსულტაციო დახმარება, სულ მცირე შეიარაღების დაჩქარებულად შეძენის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. 25 თებერვალს ნატომ ჩვენ თავის სამიტზეც კი არ დაგვპატიჟა. მათ შეეშინდათ.

ჩვენ გვესმის, რომ უსაფრთხოების მთელი ეს ომის შემდგომი არქიტექტურა ევროპაში აღარ მუშაობს. ეუთოც ვეღარ უმკლავდება უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – აღნიშნავს პოდოლიაკი ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინას აქვს ფორმულა, რომელიც მოლაპარაკებები მაგიდაზე წარადგინა. ეს არის უსაფრთხოების გარანტიების უკრაინული მოდელი.

„ის მოდელი ითვალისწინებს, რომ არ იქნება რუსეთ-უკრაინის ორმხრივი შეთანხმება. იქნება მრავალმხრივი შეთანხმება, შეთანხმების პაკეტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქვეყნების რიგი – მათი რაოდენობა ჯერ კიდევ განიხილება. ხუთი ან შვიდი ქვეყანა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

როგორც მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, უკრაინას სურს, მის პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც ხელს მოაწერენ უსაფრთხოების გარანტიებს, ჩვეულებრივი და ბირთვული შეიარაღების ისეთივე შესაძლებლობები ჰქონდეთ, როგორიც რუსეთის ფედერაციას აქვს.

„ამას გარდა, ჩვენ ვთავაზობთ არმიის შვეიცარიულ მოდელს რეზერვების გარკვეული მოცულობით და რომელიც გადის მუდმივ სწავლებას. ეს არის ოპტიმალური მოდელი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის უკრაინა ნეიტრალური სტატუსის პირობებში“, – ამბობს პოდოლიაკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი გამოცემა „მედუზასთან“ საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა რუსეთის პოზიციები მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„ისინი მთლიანობაში დაკორექტირდა. საჯარო განცხადებებშიც აღნიშნეს, როგორ იცვლებოდა რუსეთის პოლიტიკური მოღვაწეების რიტორიკა. თავიდან ისინი საჯაროდ ამბობდნენ: „ჩვენ იქ ყველაფერს გავწმენდთ, ორ დღეში ყველას დავაჩოქებთ, ახლა გავანადგურებთ ნაცისტებს“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამისგან შოკში ვიყავით, რადგან ეს არის სრულიად დამახინჯებული წარმოდგენა იმაზე, რაც სინამდვილეში ხდებოდა უკრაინაში. პირველი კვირა-ნახევარი ეს საჯარო განცხადებები ისტერიკის ზღვარზე იყო. ახლა ჩვენ გვესმის ბევრად უფრო ზომიერი, თავშეკავებული და რეალისტური განცხადებები. მათი ზოგადი მიდგომა უფრო მიწაზე დაშვებული გახდა. ისინი უკვე აღარ ამბობენ: „მოაშორეთ ნაცისტები“ – რადგან ისინი არ არიან“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

მისი თქმით, ინტერვენციის დაწყებამ უკრაინა ტოტალურად ანტირუსული გახადა.

„ეს იქნება ჩვენთვის პრობლემა. თუ აქამდე მოსახლეობის 30-40%-ს საკმაოდ ნეიტრალური და რაღაცაში პოზიტიური დამოკიდებულებაც კი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მიმართ, მზად იყო რამე სახის დიალოგისთვის, ახლა „სპეცოპერაციის“ გამო, რომელიც მოიგონეს ძალიან „ნიჭიერმა“ სამხედრო მეთაურებმა და ანალიტიკოსებმა, უკრაინის მოსახლეობის 99% ტოტალურად ანტირუსული გახდა. ახლა, რა თქმა უნდა, ყველა ეს ჰუმანიტარული პრობლემა, ენების პრობლემა და სხვა საკითხები ძალიან რთული განსახილველი იქნება“, – ამბობს პოდოლიაკი.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g