“უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის ელიტა პუტინის ლიკვიდაციას გეგმავს, ხოლო მის შემცვლელად ბორტნიკოვი განიხილება,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე წერს.
როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ბორტნიკოვი ფსბ-ის მოქმედი შეფია და ის აქამდე პუტინის ყველა მკვლელობის შემსრულებლად ითვლებოდა.
ანდრო გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს სპეცსამსახურების დღეა. ჩემი ძველი ნაცნობი, უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი შეფი, არმიის გენერალი მიკოლა მალომუჟი რუსეთის ფრენების გეოგრაფიაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კრემლი აღმოსავლეთ რუსეთში საბჭოთა თავშესაფრების ინფრასტრუქტურას ამზადებს, რომელიც ბირთვული დარტყმის დროს სამეთაურო შემადგენლობის 2-3 თვიანი ევაკუაციის პირობებში ფუნქციონირებისათვის იყო განკუთვნილი. გენერლის აზრით, თანამედროვე ტექნიკის პირობებში ამ პუნქტებით სარგებლობა ერთ წლამდეც კი შეიძლება.
ამგვარი ბუნკერები და გვირაბები სხვადასხვა გასასვლელით პირადადაც მინახავს, გარკვეულ მანძილებზე ჩეხური უნიტაზით აღჭურვილი. ადგილადგილ ყუთები ეწყო პირველადი მოხმარების საგნებით (ალუმინის “კრუჟკა”, რეზინის ცექმები, ანტირადიაციული პასტა და სხვა) და აირწინაღებით. უნიტაზის მიმართ საბჭოთა და რუსის ჯარის დამოკიდებულება ცხადია- ყველა სამინისტროში ჩეჩმა იყო და ჩეხური უნიტაზი გვირაბში ცალსახად მოწმობს სამეთაურო და საუფროსო დანიშნულებას:)))
მალომუჟი თვლის, რომ რუსეთი ბირთვულ შეიარაღებას არ გამოიყენებს, თუმცა კრემლი არ გამორიცხავს ნატო-ს ჩართვას კონფლიქტში. როგორც ჩანს, მოსკოვი რაღაც უმსგავსობის ჩასატარებლად ემზადება და მოლაპარაკებებშიც დროს იგებს გადასაჯგუფებლად.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის ელიტა პუტინის ლიკვიდაციას გეგმავს, ხოლო მის შემცვლელად ბორტნიკოვი განიხილება. ძირითადი სამიზნე დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა.
ბორტნიკოვი ფსბ-ის მოქმედი შეფია და ის აქამდე პუტინის ყველა მკვლელობის შემსრულებლად ითვლებოდა. ბორტნიკოვის კისერზეა ლიტვინენკოს მოწავლა, ჩეჩენი საველე მეთაურების ლიკვიდაცია რუსეთის საზღვარგარეთ და თავად კავკასიაში.
ნარიშკინისგან განსხვავებით, მას იცნობენ ადამიანად, რომელიც შეკითხვებს არ სვამს. გარდა მწვავე ღონისძიებებისა, ფსბ და შესაბამისად ბორტნიკოვი აკონტროლებს კრემლის ეკონომიკურ საცეცებს: ეკონომიკური უსაფრთხოების დანაყოფი მეტასტაზებივითაა ინფილტრირებული ყველა რუსულ ბიზნესში და მათ პოლიტიკურ ლოიალობას, ფინანსურ და ეკონომიკურ მანიპულაციებს უზრუნველყოფს. ეს სქემა ფსბ ხელმძღვანელობას და კრემლის ელიტას უმდიდრეს ადამიანებად აქცევს.
როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, პუტინის რეჟიმი სრულდება – თუნდაც, უბრალოდ, ასაკის გამო. ბოლო დროს ვ.ვ-მ “სტავკა” სამხედროებზე გააკეთა,შოიგუ შეჭმული მილიარდების გაპრავებასაც ცდილობს და მემკვიდრის სერჩევაში მონაწილეობის ადგილის დაჯავშნასაც, ამიტომ, ფსბ მხრიდან დესტრუქცია არ არის გამორიცხული. ბუნებრივია, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ უკრაინული აქტიური ღონისძიება იყოს, პუტინ-ფსბ შორის არსებული უთანხმოების გაღრმავების მიზნით. ვ.ვ. უკმაყოფილოა, რომ მისმა ორგანიზაციამ უკრაინაში ხლებ-სოლი და ყვავილები ვერ დაახვედრა,” – წერს ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში