ასაკის მატების შეჩერება არავის შეუძლია, თუმცა ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევების დავიწყება კი ნამდვილად რეალურია. იქნება ეს ძილის ნაკლებობა თუ ძალიან ბევრი მავნე საკვების მიღება – დაბერების პროცესს ნამდვილად უწყობს ხელს. კარგი ამბავი ისაა, რომ რამდენიმე ჯანსაღ ჩვევას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ამერიკელმა თერაპევტმა ექიმმა დაასახელა 6 წესი, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
1. შაქარზე უარის თქმა
შაქარი ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზია. შაქარი ნაოჭებს, ასაკობრივ ლაქებს აჩენს და კანის მოდუნებას იწვევს. ის ასევე გულის დაავადებების, დიაბეტის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკსაც ზრდის.
2. საკმარისი ძილი
ხანგრძლივი ახალგაზრდობის ერთი დიდი საიდუმლო საკმარისი ძილია. ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში 7-8 საათი მაინც უნდა ეძინოს რომ ორგანიზმმა სრულფასოვანი დასვენება მოასწროს. ძილის ნაკლებობა ორგანიზმში სტრესის ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც ჰორმონების არევას, წონის მატებას და ნაადრევ დაბერებას იწვევს.
3. ვარჯიში
ფიზიკური აქტივობა ახალგაზრდობის შენარჩუნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვარჯიში სხეულს ტონუსში ამყოფებს და ენერგიას ზრდის. გარდა ამისა, მას კიდევ ბევრი დადებითი აქვს – მაგალითად ამცირებს გულის დაავადებების და კიბოს გაჩენის რისკს.
4. წყალი
წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელია და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. წყალი კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს, რაც ასევე ამცირებს დაბერების ნიშნებს.
5. ჯანსაღი საკვები
ჯანსაღი საკვების მირთმევით თქვენს ორგანიზმს ძალიან დიდ სამსახურს გაუწევთ. ხილითა და ბოსტნეულით დაბალანსებული დიეტა ორგანიზმს საკმარისი ანტიოქსიდანტებით აავსებს, ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
6. სტრესის შემცირება
სტრესი ნაადრევ დაბერებას იწვევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იპოვოთ გზა მის შესამცირებლად. იქნება ეს ვარჯიში, იოგა თუ მედიტაცია – ყველა გზა მოსინჯეთ.