LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი გარბენის მქონე ელექტრომობილები შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზე საიმედო აღმოჩნდა – კვლევა

136
ქირიას NEWS შაბლონი

დიდი გარბენის მქონე ელექტრომობილები ტექნიკურ ინსპექტირებას უფრო ხშირად  გადიან წარმატებით, ვიდრე ბენზინისა და დიზელის ავტომობილები. ასეთ დასკვნამდე მივიდა კვლევა, რომელიც ბრიტანეთის ავტომობილების გაქირავებისა და ლიზინგის ასოციაციის (BVRLA) დაკვეთით ჩატარდა და 47,4 მილიონი ინსპექტირების შედეგს მოიცავდა.

ახალ ავტომობილებში განსხვავება თითქმის შეუმჩნეველია. მაგალითად, 32-64 ათასი კილომეტრის გარბენის მქონე ავტომობილებს შორის ინსპექტირება ვერ გაიარა ბენზინის მანქანების 11,7%-მა, ელექტრომობილების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 12% იყო. თუმცა გარბენის ზრდასთან ერთად სურათი იცვლება.

დაახლოებით 97 ათასი კილომეტრის შემდეგ ელექტრომობილების შემთხვევაში ტექნიკური ინსპექტირების ჩავარდნის მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ის ფარგლებში სტაბილურდება, მაშინ როდესაც ბენზინისა და დიზელის ავტომობილებში ეს მაჩვენებელი კიდევ იზრდება. 145-193 ათასი კილომეტრის გარბენის მქონე, 3-8 წლის ავტომობილებს შორის ინსპექტირება ელექტრომობილების 16,5%-მა ვერ გაიარა, ბენზინის ავტომობილებში კი ეს მაჩვენებელი 22,1% იყო.

განსხვავება კიდევ უფრო იზრდება 193 ათასი კილომეტრის ზემოთ. ასეთ გარბენზე ტექნიკური ინსპექტირება ელექტრომობილების დაახლოებით 16%-მა ვერ გაიარა, ბენზინის ავტომობილებში კი მაჩვენებელმა 23,5% შეადგინა. შესაბამისად, დიდი გარბენის მქონე ელექტრომობილებში სერიოზული ტექნიკური პრობლემების გამოვლენის ალბათობა კვლევის მონაცემებით უფრო დაბალია.

კვლევამ 15 წლის ავტომობილების მდგომარეობაც შეაფასა. ამ ასაკის ელექტრომობილების 94,6% შემდგომი 30 თვის განმავლობაში განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე დაბრუნდა, ბენზინის ავტომობილებში კი ეს მაჩვენებელი 88,1% იყო. მკვლევრების გამოთვლით, ელექტრომობილების გზიდან საბოლოოდ გასვლის სავარაუდო მაჩვენებელი 5,4%-ს შეადგენდა, ბენზინის ავტომობილების შემთხვევაში კი – 11,9%-ს.

ამასთან, ელექტრომობილებს ყველა კომპონენტში უპირატესობა არ ჰქონიათ. მათ საბურავებთან დაკავშირებული დეფექტები დაახლოებით 1,8-ჯერ უფრო ხშირად უფიქსირდებოდათ. კვლევაში ასევე არ შეფასებულა მთავარი საკითხები, მათ შორის მაღალი ძაბვის ბატარეების დეგრადაცია, პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემები და არაგეგმური საგარანტიო სარემონტო სამუშაოები.

კვლევის კიდევ ერთი საინტერესო შედეგი ის არის, რომ ელექტრომობილების უკეთესი მდგომარეობა მათი ნაკლები გამოყენებით არ აიხსნება. შესწავლილ 4-16 წლის ასაკობრივ ჯგუფებში ელექტრომობილების საშუალო წლიური გარბენი ბენზინის ავტომობილებზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.

მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ელექტრომობილების საიმედოობა ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში შესაძლოა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. თუმცა კვლევა კონკრეტულად ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს ეხება და მის საფუძველზე ელექტრომობილების ყველა მიმართულებით უფრო საიმედოდ გამოცხადება შეუძლებელია.