LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღესდღეობით, ქვეყანაში ინფლაციური სამკუთხედი მუშაობს, რაც ინფლაციის ზრდაზე მოქმედებს – ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე

151
ipiccy_image

საქართველოში ინფლაციური წნეხი ისევ მაღალია. 2021 წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ფასები სწრაფი ტემპით იზრდება, – ამის შესახებ ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე აცხადებს. ის სამომავლო პროგნოზებზე საუბრობს და ასევე, ინფლაციის მიზეზებსაც განმარტავს.

„არც თუ ისე დამაიმედებელია სამომავლო პროგნოზები, რომლის მიხედვითაც ინფლაცია 2022 წლის ბოლომდე, მისი მიზნობრივი 3%-ია მაჩვენებლისგან, ისევ მაღალი იქნება. ცხადია, არსებულ რეალობაში ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი ეგზოგენური ფაქტორებია. რუსეთის აგრესიის შედეგად, მსოფლიოში ნავთობპორდუქტებზე ფასები იზრდება, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციურ წნეხს აძლიერებს. მაგალითად, გერმანიაში ინფლაცია უკანასკნელი 29 წლის მაქსიმუმზეა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასების ზრდის ტემპი უკანასკნელი 40 წლის მაქსიმუმზე. ცხადია, საქართველო ღია ტიპის პატარა ეკონომიკაა და ლოგიკურია, რომ საერთაშორისო მასშტაბით გაძვირებული ფასები ჩვენთანაც ადეკვატურად აისახება.

თუმცა ისმის ლოგიკური კითხვა, ასეთი მაღალი ინფლაცია მხოლოდ საგარეო ფაქტორებმა განაპირობა, თუ ქვეყნის შიგნით არსებულმა პროცესებმა. დასაწყისისთვის უნდა ვახსენოთ, რომ ზოგადად უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალ ინფლაციას მუდმივად საგარეო შოკებს უკავშირებს. ეს ტენდენცია, დაახლოებით,  2019 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ ეროვნული ბანკი არ საუბრობს ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზე, რაც ინფლაციაზე მთავარი მოქმედი ფაქტორია.

ღარიბაშვილის თქმით, ინფლაცია მაღალია, თუმცა წინა ხელისუფლების დროს უფრო მაღალი იყო

"ფასების ზრდა და ინფლაცია ჩვენს ქვეყანაშიც არის გამოწვევა ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველგან და საქართველო ბუნებრივია ვერ იქნება გამონაკლისი"

დღესდღეობით, ქვეყანაში ინფლაციური სამკუთხედი მუშაობს, რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ნიშნავს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და მთავრობის ურთიერთქმედებებს, რაც ინფლაციის ზრდაზე მოქმედებს.  ამ სურათის უფრო ნათლად დასანახად კი შესაძლებელია მიმდინარე წელს არსებული ტენდენციები განვიხილოთ. 2022 წელს საქართველოს მთავრობამ უკვე მოასწრო და 610 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო. ეს მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 432 მლნ ლარით მეტია. როგორც ვხედავთ, წინა წელთან შედარებით, შიდა ვალის აღების ტემპი საკმაოდ მაღალია.

როგორ იღებს მთავრობა შიდა ვალს? ამისთვის მას ორი ინსტრუმენტი გააჩნია, კერძოდ, სახაზინო ობლიგაციები და სახაზინო აუქციონები. ფინანსთა სამინისტრო უშვებს ფასიან ქაღალდებს, რომელსაც შემდგომში ყიდულობენ კომერციული ბანკები. ასე მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე ყიდის 80 მლნ ლარის ფასიან ქაღალდებს, შემდგომში პროცენტით გადახდით. კომერციული ბანკები საკუთარი სახსრებიდან იღებენ აღნიშნულ თანხას და ყიდულობენ აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს. შესაბამისად, მთავრობა ბანკებისგან თანხას სესხულობს. ანუ გამოდის რომ სამკუთხედის ერთი კუთხე მთავრობაა, ხოლო მეორე კომერციული ბანკი. ამ ყველაფრის შემდგომი გაგრძელება ისაა, რომ როდესაც კომერციული ბანკი მთავრობას ფულს ასესხებს, მას ლიკვიდობისთვის საკმარისი თანხები არ რჩება. სწორედ ამიტომ, კომერციული ბანკი მიდის ცენტრალურ ბანკთან და სესხულობს ფულს რეფინანსირების სესხების სახით. ეს უკანასკნელი ეროვნული ბანკი მოთხოვნის შესაბამისად გასცემს 1 კვირიან სესხებს კომერციულ ბანკებზე. მაგალითად, მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკების რეფინანსირების სესხების სახით 21,590 მლრდ ლარი მიაწოდა, მაშინ, როდესაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 16,508 მლრდ ლარი იყო. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინა წლის იანვარ-მარტში რეფინანსირების განაკვეთი 8% იყო, წელს კი 10.5%-ია.

შესაბამისად, გამოდის, რომ მიუხედავად ფულის გაძვირებისა, კომერციული ბანკები სესხებს ეროვნული ბანკიდან უფრო დიდი მოცულობით იღებენ, რადგან ლიკვიდობის პრობლემა აქვთ, რაც თავის მხრივ მთავრობის მიერ აღებულმა დიდი მოცულობის საშინაო ვალმა განაპირობა.

აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ როდესაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებით ფულს აძლევს კომერციულ ბანკებს, რეალურად ეს ფული არარსებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ფულის უკან არ დგას არანაირი საქონელი, რომელიც მას გაამყარებდა. სწორედ ეს არის ფულის მასის ზრდის ერთ-ერთი სახე, როცა ეროვნული ბანკი არარსებულ ფულს უშვებს ეკონომიკაში. ხოლო, როდესაც ქვეყანაში ბევრი ლარიანია და ცოტა საქონელი, ეს უკვე საქონლის ფასის ზრდასაც იწვევს, ანუ ინფლაცია კიდევ უფრო იზრდება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის, კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის ურთიერთქმედება ქვეყანაში ფასების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – აცხადებს ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე.

შეგახსენებთ, გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ინფლაციის მაჩვენებლის დასტაბილურების საკითხზე ეროვნულ ბანკთან მუშაობს. დავითაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს სწორედ საფინანსო ინსტიტუტების მთავარი მარეგულირებელი მიიღებს. „დღესდღეობით, ბევრი ქვეყნის ეკონომიკის და მათ შორის, საქართველოსთვის ინფლაციური წნეხი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ეს ინფლაცია ომიდან მომდინარეობს. მსგავსი შინაარსის მატარებელია, როგორიც პანდემიის დროს იყო, როდესაც მიწოდების ჯაჭვები დაირღვა. ინფლაციის ზრდა ძირითადად დეფიციტურობამაც განაპირობა. საკმაოდ მაღალი ინფლაციაა ყველა ქვეყანაში. ეს საქართველოს მთავრობის მთავარ გამოწვევად რჩება. შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანკი. ვმუშაობთ მათთან”,- განაცხადა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g