უნგრეთის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 71% დაპირველადი შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-ი ლიდერობს.
„ჩვენ მოვიპოვეთ ისეთი გამარჯვება, რომელიც ჩანს მთვარიდან, რა თქმა უნდა, ის ჩანს ბრიუსელიდანაც“, – განაცხადა ორბანმა გამარჯვების აღსანიშნავად სიტყვით გამოსვლისას და დასძენს:
„ეს გამარჯვება სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება, რადგან მოგვიწია ბრძოლა უამრავ ოპონენტთან: ადგილობრივ მემარცხენე ფრთასთან, საერთაშორისო მემარცხენე ფრთასთან, ბრიუსელის ბიუროკრატებთან, სოროსის იმპერიის მთელ ფულთან და ინსტიტუტებთან. საერთაშორისო მეინსტრიმ მედიასა და უკრაინის პრეზიდენტთან.
ჩვენ არასდროს გვყოლია ამდენი ოპონენტი ერთდროულად“.
ვიქტორ ორბანი 12 წელია ქვეყნის ხელისუფლებაშია. პარტია Fidesz-ის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კი მას ხელისუფლებაში მეოთხე ვადით, 2026 წლამდე ყოფნის საშუალებას მისცემს.
რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის მთლიანად შეცვალა საარჩევნო კამპანია უნგრეთში.
ორბანი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მის პარტიას შეუძლია სტაბილურობის უზრუნველყოფა უნგრეთში, ოპოზიცია კი მრავალგზის უსვამს ხაზს მოქმედი პრემიერის ურთიერთობას ვლადიმირ პუტინთან.