“ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო”, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა და იუნესკოს მშვიდობის ელჩმა ელისო ბოლქვაძემ კომიტეტის სხდომაზე “ლელოს” წევრის მიერ უკრაინასთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
“დღიდან, რაც ეს უბედურება დაიწყო უკრაინაში, ყოველ დღე სისხლის მიცემიდან დაწყებული, თუ საერთაშორისო და საპარლამენტო განცხადებები, ყველა პლატფორმა გამოყენებული გვაქვს.
მე პირადად ფული მაქვს შეგროვებული იმისთვის, რომ სისხლი წასულიყო უკრაინაში. ასევე, ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივედით და მოვინახულეთ ქალები, ბავშვები, ლტოლვილები და ა.შ. ასე რომ, არაერთ საჯარო, საერთო მიმართულებებში მე ჩავერთე. ეს არის უბედურება, რასაც ჩვენ ვუსმენთ და ვუყურებთ. ამდენი ბავშვი და ამდენი ადამიანი იღუპება. ეს არის საშინელი ტრაგედია და ამაზე მე საჯაროდ მაქვს ძალიან მწვავე რეაქცია იმ ადამიანებზე, ვისაც უნდათ, ეს გამოიყენონ, როგორც მასალა იმისთვის, რომ ვიღაცა ვიღაცას დააპირისპირონ.
ომი უკვე უბედურებაა, რომ დაიწყო ომი, ეს უკვე დამარცხებაა, იმიტომ, რომ ომი არ უნდა იყოს, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეს ომი არ შემდგარიყო, მაგრამ შედგა და ახლა უბედურებაში არის და ამას ყველა ვუყურებთ”,-თქვა ბოლქვაძემ.