LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატების ფორმულაზე“ რომ ვისაუბროთ, მთავარი კომპონენტი მაინც შრომაა, შრომის გარეშე არაფერი გამოვა – ქეთი ჭუმბურიძე

61
წარმატების-ფორმულა-მთავ

გადაცემის ლაივი LIVE

4 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ,,ქემონიქს ინტერნეიშენალის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – ქეთი ჭუმბურიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობასა და წარმატებისთვის საჭირო თვისებებზე ისაუბრა.

 -ქეთი, დავიწყოთ თემით, რომელზეც დღეს მსოფლიო საუბრობს. შენი გადმოსახედიდან, როგორი იქნება უკრაინის მომავალი, ბოროტების დამარცხების შემდეგ?

-1%-ითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ამ ბრძოლაში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ამის ძალიან ღრმად მწამს. აუცილებელია, რომ ტირანიაზე დემოკრატიამ, თავისუფლებამ და სიმართლემ გაიმარჯვოს. უბრალოდ, ძალიან დიდი ფასი ექნება ამ გამარჯვებას უკრაინისთვის და სამწუხაროდ, ეს ფასი არის ადამიანების სიცოცხლე. ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ კადრებს, რამდენი ადამიანი, უდანაშაულო მოქალაქე, ბავშვი, ქალი იღუპება არაფრის გამო, ეს არის ყველაზე დიდი ფასი, თორემ ეჭვიც არ მეპარება, რომ უკრაინა ამ ომის დასრულების შემდეგ, ფეხზე დადგება. აუცილებლად, მთელი მსოფლიოსგან იქნება დახმარება და უკრაინა მოახერხებს აღმშენებლობისკენ წასვლას და კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

საინტერესოა, რა მოსპობს ამ უმართავ აგრესიას?

-მსოფლიოს მიმართ ყველა ვგრძნობთ იმედგაცრუებას. გუშინ, ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზეც დავწერე, რომ ეს არის აბსოლუტური ჩავარდნა მსოფლიოსი და ჩვენი ყველასი. ჩვენ ყველამ რაღაცა დავაშავეთ. სწორი პასუხი არ ჰქონდათ მსოფლიოს ცნობილ ლიდერებს, რომელთაც მართლა შეუძლიათ რაღაცის შეცვლა. ვფიქრობ, არ გააკეთეს საკმარისი იმისთვის, რომ აქამდე არ მივსულიყავით. ახლა, ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის შემდეგაც კი, მათ ვერ აღიქვეს, რა საფრთხის წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო ნებისმიერი ქვეყანა. საკმარისად სერიოზულად არ მიუდგნენ იმ საკითხს, რომ აქამდე არ მისულიყო ის ტირანია, რომელსაც რუსეთი და პუტინი ჰქვია და რომ ასეთი რამ არ გაებედა მანიაკს, რომელიც უსწორდება უდანაშაულო ხალხს. მას უკრაინის წაშლა სურს გეოგრაფიიდან და არა მხოლოდ უკრაინის. ალბათ,  ყველაზე მეტად ჩვენ გვესმის, რას განიცდის ახლა უკრაინა და მე გამოვხატავ მათდამი ჩემს თანაგრძნობას.

-BBC-ს ჯგუფისთვის ცოტა ადრე რომ დაგეჯერებინა, დღეს უფრო დიდი სატელევიზიო გამოცდილება გექნებოდა, თანაც საერთაშორისო. როგორია სატელევიზიო ტრიბუნა შენთვის და რისთვის იყენებ ძირითადად?

-ბევრი წლის წინ ერთ-ერთი ცნობილი ტელევიზია იხსნებოდა და მაშინ ჩამოვიდა BBC-ს ჯგუფი. მათი ჟურნალისტები ქართველ ჟურნალისტებს ამზადებდნენ. მე უბრალოდ ჩემს მეგობრებს ვეხმარებოდი, რომ ტელევიზიისთვის თარჯიმნების მობილიზება გამეკეთებინა. მაშინ, მათ მითხრეს რომ ძალიან ტელეგენური ვიყავი და წამყვანობა უნდა მეცადა, მე უარი ვუთხარი, რადგან აბსოლუტურად სხვა საქმეში ვიყავი და დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული. შარშან მაინც მომიწია ჟურნალისტიკასთან შეხება და ახლა სულ ვამბობ, რომ პირველივე ეთერში, როდესაც  ბიზნეს პარტნიორის თანაწამყვანად დავჯექი, მივხვდი რა გემართებათ ჟურნალისტებს ეთერში ყოფნისას, რამხელა ადრენალინი გაქვთ და რატომ ვერ ანებებთ ამ საქმეს თავს. მახსოვს, შენს გადაცემაში სტუმრობისას, შენც მითხარი, მგონი, ერთ დღეს დაგინახავ რომელიმე სატელევიზიო სტუდიაშიო, ასეც მოხდა.

ჩემს ამ გადაწყვეტილებას ერთადერთი მიზანი აქვს, მინდა საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდო იმ საქმის შესახებ, რასაც 25 წელია ვემსახურები, ეს შეეხება ამერიკულ ინვესტიციებს, ამერიკის მთავრობის, „USAID“-ს. მინდა ხალხს მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში იხარჯება ამერიკის საელჩოს დაფინანსება, მინდა, მოვუყვე სხვადასხვა სასიკეთო საქმეების და პროექტების შესახებ, რომელთა მონაწილე თავადაც ვარ. ვფიქრობ, უფრო მეტი ინფორმაციის მიღება არის საჭირო ამ ყველაფერზე, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. ამ გადაცემამ მომცა პლატფორმა ამ თემაზე საუბრისთვის და მომცა შესაძლებლობა, რომ მყავდეს ისეთი მნიშვნელოვანი სტუმრები, როგორებიც არიან ამერიკის ელჩი თუ ყველა ის ბიზნესმენი და მეწარმე, რომელთაც  ამერიკული ინვესტიცია შეეხოთ. დღეს ყველაზე მეტად გამოჩნდა, რატომ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვის შეგვიძლია ვთხოვოთ დახმარება, ვინ ისედაც გვეხმარება და ვინ არის მტერი. რა თქმა უნდა, უარს ვერ ვიტყოდი, როდესაც ამ თემებზე საუბარი და გადაცემის გაკეთება შემომთავაზეს. გამოვიყენე ეს შანსი და ვცდილობ, ვცდილობ თვეში რამდენიმე გადაცემა ისე გავაკეთო, რომ ჩემი სხვა საქმეები არ დავაზიანო და შევუთავსო ერთმანეთს. ვცდილობ, ამ გადაცემაში ყველა იმ საქმეზე ვისაუბრო, რომელიც მე და ჩემს კოლეგებს გაგვიკეთებია. ძალიან ბევრი ჩემი კოლეგაა, რომელიც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, ძალიან ბევრ კარგ პროექტს აკეთებს.

-გაქვს 25 წლიანი საამაყო გამოცდილება საინვესტიციო გარემოს კვლევაში და გაქვს უამრავი წარმატებული პროექტი. დღეს როგორი საინვესტიციო გარემოა საქართველოში?

-სამწუხაროდ, საინვესტიციო გარემო არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, თუ რა მიზნები ამოძრავებს თუნდაც „USAID“-ს , რომელიც  ძალიან ბევრ ქვეყანას ეხმარება იმაში, რომ ხალხმა უკეთესად იცხოვროს და რომელსაც სხვადასხვა მიმართულებებში აქვს ჩადებული ინვესტიცია საქართველოში, ეს ყველაფერი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს ისიც, თუ რა გარემოა ქვეყანაში, რა პოლიტიკური ვითარებაა, რამდენად სტაბილურია მდგომარეობა, რამდენად არსებობს რისკები უცხოელი ბიზნესმენებისთვის. სამწუხაროდ, ახლა, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ისეთი ვითარებაა, რომ ძალიან რთულია, ვიღაცამ ამ რისკებს არ შეხედოს და ისე დაიწყოს ბიზნესი, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც გვესაზღვრება ქვეყანა, რომელიც დღეს მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდა. შესაბამისად, ძალიან რთულია ვთქვა, რომ ახლა ხელსაყრელი გარემოა ინვესტიციებისთვის, თუმცა ძალიან ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, რომ მოიზიდონ ინვესტორები და დაეხმარონ მათ, რომ სხვადასხვა მიმართულებებში დააბანდონ ფული საქართველოში, თუმცა ეს არ არის მარტივი საქმე, ამას წლები სჭირდება.

-სიამაყის შეგრძნება ამდენი ხნის მანძილზე თან გდევდა „USAID”– ში მუშაობის პერიოდში და დღესაც გამოგყვა ,,ქემონიქს ინტერნეიშენალის არეალში, რომლის წლიური შემოსავალიც, როგორც ვიცი, დაახლოებით 2 მილიარდი ამერიკული დოლარია…

-დიახ, ასეა.  ერთ-ერთი ძალიან დიდი კომპანიაა და ერთ-ერთი დიდი განმახორციელებელია ამერიკის მთავრობის დაფინანსების სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანიას 150-ზე მეტ ქვეყანაში აქვს პროექტები განხორციელებული. რა თქმა უნდა, იყო სიამაყე, 25 წელი რა გამაჩერებდა ერთ საქმეში, ამაყი რომ არ ვყოფილიყავი. ამაყი ვარ, ყველა იმ საქმით, რომელსაც მე და ჩემი  კოლეგები ვაკეთებთ. რა საკვირველია, საამაყოა ის, როცა ვხედავთ, როგორ ვცვლით ადამიანების ცხოვრებას, როგორ ვეხმარებით ახალგაზრდებს მომავლის შექმნაში, ქალბატონებს ვეხმარებით ბიზნესი კეთებაში და ცხოვრების წესის გაუმჯობესებაში, ვაკეთებთ ინფრასტრუქტურას, რომლითაც ვეხმარებით ისეთ ადამიანებს, რომელთაც სასმელი წყალი შესაძლოა 20 წელი არ ჰქონდათ და ახლა ჩვენი მეშვეობით აქვთ. ბევრი ისეთი საქმეა, რომლითაც შემიძლია ვიამაყო. ეს ყველაფერი კი არის უდიდესი მოტივაცია, შემდეგი საქმის დასაწყებად.

-რომელი ინტერვიუ გახსენდება ყველაზე კარგად, ყველაზე წარმატებულად?

-ყველაზე წარმატებულად ამერიკის ელჩთან ჩაწერილი ინტერვიუ მახსენდება, რომელიც მის სახლში ჩავწერეთ, საახალწლო ეთერისთვის. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ, მაყურებელმა გაიგო, რა დახმარებას გვიწევს ამერიკის მთავრობა ნატოში ინტეგრაციის კუთხით, ევრო ინტეგრაციის კუთხით, რა დახმარებაა უსაფრთხოების კუთხით, ენერგეტიკის თვალსაზრისით და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი პარტნიორობა. ეს ინტერვიუ გამორჩეული იყო ფორმატითაც და ვფიქრობ, ძალიან განსხვავებული და ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა. ჩემთვის ძალიან განსხვავებული იყო შენი გადაცემაც „ქალების ნარატივი“, რადგან იქ უფრო სხვა კუთხით ვისაუბრე ჩემზე.

-რომელი უფრო კომფორტულია შენთვის რესპონდენტობა თუ წამყვანობა?

-რესპონდენტობა მაძლევს საშუალებას ბევრი ვისაუბრო იმაზე, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ჟურნალისტობაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემთვის საინტერესო თემებზე დავსვა კითხვები და ვასაუბრო რესპონდენტები, მაგრამ ჟურნალისტიკაში არ მაქვს  დიდი გამოცდილება, სულ ერთი წელია, რაც ამას ვაკეთებ და დღემდე ვნერვიულობ ყველა ეთერის წინ.

-შენს პროფესიაში შენი მთავარი მიზანი უკვე შეასრულე?

-არა, ყოველთვის ახალი მიზნები მიჩნდება. 10 წლის წინ, როდესაც ერთი ძალიან დიდი პროექტი ძალიან წარმატებულად დავასრულე, მაშინ ვიფიქრე, რაღა უნდა ყოფილიყო ამის შემდეგ, მაგრამ კარიერაში ყოველთვის ჩნდება მნიშვნელოვანი ეტაპები. 21 წლის წინ, როდესაც დავიწყე მუშაობა, საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, თუ იქ აღმოვჩნდებოდი, რა ეტაპზეც ახლა ვარ.

-როგორ ფიქრობ, რა იქნება შემდეგი ეტაპი?

-არ ვიცი. მზად ვარ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და იმედი მაქვს, იქნება შანსი, რომ კიდევ  ბევრი, დიდი და საინტერესო პროექტი გავაკეთო ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად. ვიცი, რამდენად საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის საქმე, რომელსაც ვაკეთებ და მინდა ჩემს ქვეყანაში გავაგრძელო საქმიანობა, თუმცა არის შანსი, რომ სხვა ქვეყნებშიც ვაკეთო ჩემი საქმე.

-რამდენ ენაზე საუბრობ?

– მეგრულს თუ არ ჩავთვლით, ორ ენაზე ვსაუბრობ.

-ამ წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო გუნდთან ერთად გიმუშავია. როდის არის წარმატებული თანამშრომლობა?

-ძალიან რთულია სწორი გუნდის და სწორი ადამიანების შერჩევა, რადგან მუშაობის პროცესში ყველაზე რთული სამართავი არის ხალხი. მე ძალიან გამიმართლა, მუშაობის ყველა ეტაპზე პროფესიონალები და რაც მთავარია, ჩემნაირად „ანთებულები“ ადამიანები იყვნენ ჩემს გვერდით. რაც არ უნდა ბევრი იშრომო, წარმატება არ მოვა, თუ არ აკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს, გიყვარს. შედეგით შენც უნდა ხალისობდე და შენთვის მოტივაცია უნდა იყოს. თუ მსგავსი თვისებები ვერ დაინახე შენს კოლეგებში, მაშინ საქმე ხარისხიანად არ გამოვა. ნამდვილად მადლიერი ვარ, რომ ცხოვრებაში შემხვდა ისეთი ადამიანები, რომლებთან ერთადაც ბევრი წარმატებული პროექტი მაქვს გაკეთებული და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება. 60% საქმის არის გუნდი.

-საქმის კეთების მთავარი წესი თუ გაქვს?

-წარმატების ზოგადი რეცეპტი არ არსებობს, ყველა საქმეს სხვადასხვა კუთხიდან უნდა მიუდგე. მაგრამ, მთავარია ფიქრის დროს ჩარჩოებიდან გამოხვიდე, არ უნდა დაკარგო ფიქრის თავისუფლება. როცა თავისუფალი ხარ, მაშინ უფრო ბევრი იდეა გიჩნდება, მეტ სიახლეზე ფიქრობ. შეიძლება რაღაც კონკრეტული დავალება გქონდეს, მაგრამ იდეამდე მისასვლელად, შეგიძლია გამოხვიდე ჩარჩოებიდან და უფრო ახალ, ინოვაციურ იდეებამდე მიხვიდე. მნიშვნელოვანია, აზრი ჰკითხო გუნდის წევრებს, რადგან ასე უფრო ბევრი იდეა გაჩნდება. „წარმატების ფორმულაზე“ რომ ვისაუბროთ, მთავარი კომპონენტი მაინც შრომაა, შრომის გარეშე არაფერი გამოვა. წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია საქმის ჟინი და სიყვარული.

-რამდენად სწრაფად იღებ გადაწყვეტილებას?

-ამ ამბავში შეიძლება ცოტა მაკლია სისხარტე, რადგან ძალიან მიყვარს ფიქრი, სულ ვცდილობ ავწონ-დავწონო სიტუაცია. მიყვარს სხვების მოსმენაც, ვითვალისწინებ მათ აზრს. ვთვლი, რომ ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა ის, რომ კარგად შემიძლია კრიტიკული მომენტების მართვა და უცებ გადავერთვები ხოლმე პრობლემის გადაჭრის გზების ძებნაზე.

ბლიცკითხვები:

-რას ისურვებდი მსოფლიოში ყველაზე მეტად?

-რა საკვირველია, მშვიდობას.

-ფრაზა რომლითაც ყველაზე რთულ ვითარებაში იმხნევებ თავს?

-ყველაფერი კარგად იქნება.

-ვისთან ისურვებდი ინტერვიუს ჩაწერას?

-რომელიმე ქვეყნის სერიოზულ ლიდერთან.

-როგორია ქეთი სამზარეულოში?

-სხვათა შორის, კარგი, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან აქტიური ვარ, ჩემი საქმიდან გამომდინარე, მაგრამ რასაც ვაკეთებ კარგად გამომდის ხოლმე.

-საყვარელი კერძი და კერძი რომლის შექმნის შემდეგაც ყველაზე მეტი შექება მიგიღია?

-ალბათ, ვერასდროს ვერ გავაკეთებ საცივს, მაგრამ ჩემთვის უპირობოდ ფავორიტი კერძია.

-ვინ არის შენი საუკეთესო მრჩეველი?

-ერთ ადამიანს ვერ გამოვარჩევ, მიყვარს როცა ბევრ ადამიანს ვეკითხები რჩევას და ბევრის აზრს ვისმენ.

-რომელია გამორჩეული სპიკერი, რომელიც ყოველთვის ახდენს შენზე შთაბეჭდილებას?

-ასეთი ბევრია.

-საოცნებო პროფესია გაქვს?

-ვერ ვიტყვი, რომ რაიმე პროფესიაზე ვოცნებობ, მაგრამ იმდენად გურმანი ვარ, ალბათ გასტრო კრიტიკოსი ვიქნებოდი, რომ არა ჩემი პროფესია.

-რას დახატავდი გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

-ახლა სტუდიაში უკრაინის დროშას ვხედავ და ვფიქრობ, რომ დავხატავდი მზეს, ცას და ყველაფერს, რაც მშვიდობასთან და კარგთან ასოცირდება. ეს დროშა ნამდვილად ასოცირდება მშვიდობასთან, ძალიან ნათელია.

-მოგზაურობას რა ადგილი აქვს შენს ცხოვრებაში?

-ერთ-ერთი ძირითადი და მთავარი, რადგან ჩემთვის ერთადერთი განტვირთვის საშუალებაა. ენერგიას მმატებს მოგზაურობა.

-სპორტს დიდი ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში?

-ნაკლებად.

-რა არ მოგწონს საკუთარ თავში?

-ვფიქრობ, მეტად რისკიანი, რომ ვყოფილიყავი, უფრო ბევრ რამეს შევძლებდი. ალბათ, ამიტომ არ წავედი ბიზნესში.

-რა მოგწონს საკუთარ თავში?

-დისციპლინა, ყოველთვის მივყვები გეგმას.

-თვისებები, რომელიც ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგვიტანს…

-აუცილებელია დისციპლინა, ბევრი შრომა, გუნდურობა, სწორი ადამიანების დანახვა, რადგან წარმატება არასდროს არის ერთი ადამიანის, წარმატება ყოველთვის გუნდის მუშაობის შედეგია. მთავარია, არ დავკარგოთ ობიექტურობა, შეფასების უნარი და თავისუფლები ვიყოთ აზროვნებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები