ომის პოლიტიკა, ჩიხში შესული ქართულ-უკრაინული დიპლომატია და მოლოდინები ნატოს მინისტერიალიდან – ამ საკითხებზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტმა, რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და მის საფუძველზე გაკეთებული ხისტი განცხადებების შემდეგ, საქართველოს ახალ საგარეო მინისტრისა და უკრაინელი კოლეგის მხრიდან პოზიტიური ხასიათის განცხადებები გაკეთდა, რაც იმედის მომცემია.
“საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას, მას აქვს რთული ფუნქცია შესასრულებელი. რთული გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.
შეგახსენებთ, ნატოს ქვეყნებმა რვა პარტნიორი ქვეყანა დაპატიჟეს, ოთხი ევროპიდან, ოთხი კი წყნარი ოკეანის აუზიდან. ეს არის შვედეთი, ფინეთი, საქართველო, უკრაინა. შორეული აღმოსავლეთიდან კი იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ზელანდია. ამას იმიტომ შეგახსენებთ, რომ ეს ყველა ქვეყანა, უკლებლივ არის ანტირუსული და უკრაინული კოალიციის სრულფასოვანი მონაწილე. ამ შემადგენლობაში ერთადერთი არის საქართველო, რომელსაც აქვს მცდელობები, რაღაცნაირი, ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს, ამიტომ ფუნქცია არის რთული, მაგრამ კარგია, რა განცხადებებიც გაკეთდა.
ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას შეხვდა
სხვათა შორის კულებამ ისიც განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, რათა გაამყარონ სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის. ამას მოჰყვა ახალი მინისტრის ძალიან პოზიტიური გამოხმაურებაც. მე რამდენადაც ვიცი, პირველი კონტაქტი უკვე შედგა და იმედი მაქვს, რომ მინისტრები გამოიყენებენ ამ საშუალებას, რათა ჩვენ გავიაროთ ეს რთული ეტაპი ორმხრივ ურთიერთობებში”, – აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა საფუძველი აქვს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებას საქართველოს სპეცსამსახურების წინააღმდეგ, ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადება ორი ძირითადი გარემოებით იყო განპირობებული:
„პირველი, პრემიერ-მინისტრის მხრიდან პოლიტიკური პოზიცია იყო გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ შეუერთდება ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს, რომლებიც კოლექტიურმა დასავლეთმა დაუწესა რუსეთს. ეს არ იყო ჭეშმარიტება, ვინაიდან ჩვენ სრულად შევუერთდით ფინანსურ სანქციებს, უბრალოდ რაღაც მანევრირების საშუალება და ფუფუნება ჩვენ არ გვქონდა.
პრემიერის ამ პოლიტიკურმა პოზიციონირებამ ძალიან გააღიზიანა უკრაინელი პარტნიორები.
მეორე, როდესაც ვლაპარაკობთ კონტრაბანდაზე კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს მთელ პერიმეტრს ჩვენი საზღვრების, განსაკუთრებით ეს ეხება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ადმინისტრაციულ ხაზს. გავიხსენოთ მაგალითად, [ბადრი] ესებუას გახმაურებული საქმე – დიდი ვარაუდით, ის უკვე გადასულია საზღვარზე და ჩვენ არც ვიცით, სად და როგორ. საქართველოში რომ ყოფილიყო აქამდე ხომ დააპატიმრებდნენ? ამიტომ ამას საფუძველი აქვს.
თუ ვინმეს აქვს კონტრაბანდისტული გეგმები საქართველოში, ეს ნიშნავს არა მხოლოდ კონტრაბანდას, არამედ კოლაბორაციონისტობას ოკუპირებულ რეჟიმთან, ვინაიდან ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონიდან ამისთანა თეორიულ კონტრაბანდისტებს ექნებათ სრული ხელშეწყობა. ამიტომ უკრაინელები შეწუხებულები არიან და აქედან გამომდინარე გააკეთეს ის განცხადებები, რაც გააკეთეს“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მტკიცებულებებს ითხოვს, ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ “თუკი დასამალი არაფერი გვაქვს”, ბრალდებების გასაქარწყლად, საქართველომ უნდა შესთავაზოს უკრაინას სრულფასოვანი თანამშრომლობა.
“თუ ამდაგვარი რამ არ მომხდარა საქართველოს სივრცეში და ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ახლა მთავარია, ჩვენ შევთავაზოთ უკრაინელებსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში, სრულფასოვანი თანამშრომლობა, რათა ნათელი მოეფინოს ამ საქმეს.
თუ იყო ამისთანა მცდელობები, აღვკვეთოთ. გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები და ჩამოვაყალიბოთ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გარანტიები, რომ ასეთი რამე შეუძლებელია, თეორიულადაც კი მოხდეს საქართველოს გამოყენებით”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.