11 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინი სანადირაძე სტუმრობდა, რომელმაც გაერთიანების მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
– ქალბატონო ნინი, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, რაში არ გენანებათ თავისუფალი დროის დახარჯვა?
– დასვენებაც საქმის ნაწილია, ამიტომ დასვენებაზეც იმდენივე დროს ვხარჯავ, რამდენსაც საქმეზე.
– მუდმივად სხვადასხვა სფეროს იკვლევთ. საინტერესოა, დღეს რა არის თქვენი კვლევის ობიექტი?
– ძალიან რთულია ერთ კვლევამდე დაკონკრეტება, რადგან კულტურის სფერო იმდენად მასშტაბური და მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია მხოლოდ ერთ მიმართულებაზე კონცენტრირება. მე, როგორც მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ წარსულის გააზრების და ობიექტურად შეფასების გარეშე წარმოუდგენელია აწმყოსა და მომავალზე ფიქრი. დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სამოქალაქო აქტივობებია, რადგან სწორედ მე-19 საუკუნეში წამოწყებულმა აქტივობებმა განსაზღვრა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შემდგომი განვითარება.
– როგორ ახერხებთ სტრესულ გარემოში სასარგებლო საქმის კეთებას?
– სტრესი ყოველთვის იყო და იქნება. ვფიქრობ, მუშაობის დროს არ ღირს ნეგატიურ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება. პირადად მე, ყოველთვის მარტივად გამომდის ნეგატივისგან დისტანცირება და წარმოსახვაში იდეალური გარემოს შექმნა. პოზიტიურ განწყობას, არა იმდენად წარმატებული გამოფენა ან გამოცემას მიქმნის, რამდენადაც იმ ბავშვების გახსენება, რომლებიც უზარმაზარ საგამოფენო დარბაზებში გამოფენილი ექსპონატების ყველა წვრილმანს და დეტალს ამჩნევენ.
– თქვენი აზრით, რა სჭირდება კულტურას დღეს ყველაზე მეტად?
– არა მხოლოდ კულტურას, არამედ ნებისმიერს სფეროს საქმის სიყვარული, პასუხისმგებლობა და თვითორგანიზება სჭირდება, რადგან სწორედ ამ კომპონენტების ერთობით მიიღწევა პროფესიონალიზმი.
– რა გმატებთ მუშაობის სტიმულს?
– პირველ რიგში პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მემკვიდრეობის შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა. ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია საკრალური ფრაზაა, „ეს არ გამოვა!“ ძალიან ადვილია ყურების ჩამოყრა და ბრძოლაზე უარის თქმა, თუმცა მე ყოველთვის ჯიუტი ვიყავი და არც ახლა ვიხევ უკან.
– ახლა რაზე მუშაობთ?
– ძალიან მალე მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, სამომავლოდ კი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის აღდგენა და თოჯინების მუზეუმში რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება.
– როგორ უმკლავდებით კრიზისულ სიტუაციებს?
– კრიზისი – არა ტრაგედია, არამედ გამოწვევაა, რომლის დაძლევა განვითარებასა და წინსვლაში გვეხმარება.
– რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?
– გულწრფელობას.
– რას ვერ აპატიებთ საქმიან პარტნიორს?
– უპასუხისმგებლობას.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– ძალიან სწრაფად.
ბლიცკითხვები:
– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
– კოსმონავტობაზე.
– განტვირთვის საუკეთესო საშუალება?
– კულინარია.
– კერძი, რომელსაც ყველაზე გემრიელად ამზადებთ?
– ტირამისუ.
– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?
– საკუთარ გულს, რომლის რჩევა ყოველთვის ამართლებს.
– აქსესუარი, რომელიც ყოველთვის თან გაქვთ?
– ნემსიყლაპიას გულსაბნევი.
– საყვარელი მუზეუმი თბილისში?
– ყველა მუზეუმი მიყვარს, ამიტომ ჩვენი გაერთიანების რუკა.
– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?
– მზეს, რომელიც ყოველთვის სავსე, ნათელი და თბილია.
– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– ძალიან არ მიყვარს სიტყვა „ხვალ“და საქმის გადადება, რადგან ყოველთვის დღეს მირჩევნია მაქსიმუმის გაკეთება.