Ford Mustang მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტული ავტომობილია. 2021 წლის მონაცემებით, მოდელმა გაყიდვების მაჩვენებლით მსოფლიოში ყველა სპორტქარს გადაუსწრო. Mustang ლიდერობას უკვე 7 წელია ინარჩუნებს, თუმცა წელს სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს. ბაზარზე არსებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, წინა თაობის სპორტქარის მიმართ ინტერესი ეტაპობრივად მცირდება.
გასული წლის განმავლობაში Ford-მა 70 ათასი Mustang-ის გაყიდვა შეძლო. 2021 წლის მთავარი ბაზარი აშშ იყო და რეალიზებული მოდელების 76% სწორედ მასზე მოდის. დიდი მოთხოვნა იყო ასევე – ახალ ზელანდიაში, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეაშიც.
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი აშშ-ში Mustang-ის მიმართ ინტერესი 19%-ითაა შემცირებული. მიუხედავად ამისა, სხვა მასლქარებს ის ჯერ კიდევ ჯობნის.
ეს წელი მეექვსე თაობის „მუსტანგისთვის“ ფინალური უნდა გახდეს. 2023 წლიდან მას ახალი ვერსია, ინდექსით S650 ჩაანაცვლებს. როგორც Ford-ში დაადასტურეს, სიახლე V8 ძრავს მიიღებს.