LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლასიკური Ford Mustang ელექტრომობილად გადააკეთეს და Tesla-ს ავტოპილოტი დაუმატეს

109
1428x1428

1966 წლის ლეგენდარული Ford Mustang თანამედროვე ელექტრომობილად გადააკეთეს – ავტომობილში Tesla Model 3-ის ორმაგი ელექტროძრავი, ბატარეა და Tesla-ს Full Self Driving (FSD) ავტოპილოტის სისტემა დაამონტაჟეს. ამის შესახებ გამოცემა Electrek წერს.

გამოცემის შეფასებით, ეს შესაძლოა პირველი ავტომობილი იყოს, რომელიც Tesla-ს ქარხნის გარეთ შეიქმნა, თუმცა კომპანიის სრულფასოვან ავტოპილოტს იყენებს.

პროექტის ავტორია კალიფორნიული კომპანია Calimotive Auto Recycling-ის მფლობელი, რომელიც Tesla-ს ნაწილებზე მუშაობს. მან კლასიკური Mustang 2022 წელს სპეციალურად ელექტრიფიკაციის მიზნით შეიძინა.

თავდაპირველად პროექტისთვის Tesla Model S-ის კომპონენტების გამოყენება იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ Model 3-ის ბატარეა ავტომობილის კონსტრუქციაში ბევრად მარტივად თავსდებოდა.

ორივე ელექტროძრავის ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 500 ცხენის ძალას აღწევს, რის შედეგადაც კლასიკური Mustang 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 3.5 წამში აჩქარდება.

ავტომობილში ასევე დაამონტაჟეს Tesla Cybertruck-ის საჭე, Model 3-ის სავარძლები, 15 დუიმიანი მულტიმედიური ეკრანი, წრიული ხედვის კამერები და Tesla-ს პროგრამული უზრუნველყოფა. ავტომობილს პროგრამული განახლებების მიღება „ჰაერიდან“ შეუძლია და აღჭურვილია Tesla-ს უსაფრთხოების რეჟიმითაც.

მიუხედავად ტექნიკური ცვლილებებისა, ავტომობილის გარეგნობა თითქმის უცვლელი დარჩა და კლასიკური დიზაინი შეინარჩუნა.

პროექტის შექმნას რამდენიმე წელი და დაახლოებით 40 ათასი დოლარი დასჭირდა. ავტორის თქმით, ავტომობილის გაყიდვას არ გეგმავს და მას საკუთარ „პირად რობოტაქსად“ მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები