LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა რეკორდებისთვის შექმნილი ელექტრო Mustang წარადგინა

108
orig

ამერიკულმა ავტო გიგანტმა Ford-მა წარმოადგინა ახალი ელექტრო დრეგსტერი Mustang Cobra Jet 2200, რომლის მთავარი მიზანი სიჩქარის რეკორდების დამყარებაა.

ავტომობილი აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, რომლებიც ჯამში 2200 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ ახალი მოდელი ასევე მნიშვნელოვნად შემსუბუქებულია – მისი წონა 1500 კილოგრამამდე შემცირდა, რაც წინა თაობასთან შედარებით დაახლოებით 500 კილოგრამით ნაკლებია. წონის შემცირება, მათ შორის, ახალი, უფრო მსუბუქი ელექტროძრავების გამოყენებამ განაპირობა.

Ford უკვე რამდენიმე წელია ეტაპობრივად ავითარებს ამ დრეგსტერს: 2020 წელს მოდელი 1400 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, 2023 წელს – 1800-ს, ხოლო ახლა სიმძლავრე კიდევ 400 ცხენის ძალით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ელექტრომობილია, მას აქვს ორსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, რაც უზარმაზარი სიმძლავრის ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს. ავტომობილი ასევე აღჭურვილია ოთხი ტრაქციული ბატარეით – ორი უკანა ნაწილშია განთავსებული, ერთი შუაში და ერთი წინ, რომლის გადაადგილებაც შესაძლებელია წონის ბალანსის შესაცვლელად.

გეგმის მიხედვით, Mustang Cobra Jet 2200 უნდა გადიოდეს მეოთხედ მილს (402 მეტრს) 6.76 წამში და ფინიშზე 355 კმ/სთ სიჩქარეს აღწევდეს. თუმცა უკვე ახლა, NHRA 4-Wide Nationals-ის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებაზე ავტომობილმა ელექტრომობილებს შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ჯერ 6.87 წამი აჩვენა, შემდეგ კი შედეგი 6.81 წამამდე გააუმჯობესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები