Lexus ახალი თაობის ელექტრო კროსოვერის წარმოებისთვის Tesla-ს მიერ პოპულარიზებულ გიგანტური ალუმინის ჩამოსხმის ტექნოლოგიას – gigacasting-ს გამოიყენებს. ახალი მოდელი ჩინეთის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი და მისი სერიული წარმოება 2027 წლის შემოდგომაზე, შანხაიში მდებარე Lexus-ის ახალ ქარხანაში დაიწყება.
Gigacasting-ის დროს ავტომობილის ძარის დიდი ნაწილი, რომელიც ტრადიციულად ასობით ცალკეული დეტალისგან იკრიბება, სპეციალური მაღალი წნევის ჩამოსხმის მეთოდით ერთ დიდ ალუმინის კომპონენტად მზადდება. ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა წარმოების პროცესის გამარტივება და ავტომობილის წონის შემცირება, რაც ელექტრომობილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსუბუქი კონსტრუქცია ენერგიის მოხმარებისა და სვლის მარაგის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ტექნოლოგიას თავდაპირველად Tesla აქტიურად ავითარებდა, თუმცა ბოლო წლებში მისი გამოყენება ჩინურმა მწარმოებლებმაც დაიწყეს. მათ შორის არიან Nio, Zeekr, Xpeng და Li Auto. ახლა კი ამ მეთოდის გამოყენებას Lexus-იც გეგმავს.

ახალი ელექტრო კროსოვერი ექსკლუზიურად ჩინეთის ბაზრისთვის შეიქმნება. წარმოების პირველ წელს Lexus თვეში დაახლოებით 1 000 ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, მოგვიანებით კი წარმოების მოცულობა წელიწადში რამდენიმე ათეულ ათას ავტომობილამდე გაიზრდება. ახალი მოდელის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ გასაჯაროებულა.
Lexus-ისთვის ჩინეთში ახალი ტექნოლოგიის დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იაპონური პრემიუმ ბრენდი ქვეყნის ელექტრომობილების ბაზარზე კონკურენტებს შედარებით ჩამორჩება. 2025 წელს Lexus-მა ჩინეთში 182 458 ავტომობილი გაყიდა, მაშინ როცა აშშ-ში გაყიდვებმა 370 260 ერთეული შეადგინა. ამ დროისთვის Lexus-ის სრულად ელექტრო მოდელების ხაზში მხოლოდ RZ შედის.
ამასთან, Toyota-მ ცოტა ხნის წინ უარი თქვა Lexus-ის კიდევ ერთი ელექტრომობილის – LF-ZC-ის სერიულ წარმოებაზე. გადაწყვეტილების მიზეზად გლობალურ ბაზარზე ელექტრომობილებზე მოთხოვნის შენელება დასახელდა.
Lexus-ის ახალი პროექტი აჩვენებს, რომ კომპანია ჩინეთის ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად არა მხოლოდ ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდას, არამედ წარმოების უფრო თანამედროვე და ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასაც გეგმავს.