LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ამიერიდან უბრალოდ ბორისი კი არაა, ბორინკაა… ჩანაწერით დასტურდება, რომ ივანიშვილი არის საქართველოს ფაქტობრივი მმართველი – გია ნოდია

247
Untitled design (43)

ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში  ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხმიანება.

მისი თქმით, ჩანაწერიდან პირველ რიგში დასტურდება, რომ ივანიშვილი საქართველოს ფაქტობრივი მმართველია.

„ლოგიკურია, „ოცნებამ“ იძახოს, რომ ევტუშენკოვ-ივანიშვილის ჩანაწერი ყალბია. ეს დისკუსიას ტექნიკურ კალაპოტში გადააგდებს და მტკიცებულების ტვირთს ოპონენტებზე გადაიტანს: იმათ ამტკიცონ მისი ავთენტურობა.

(მე პირადად სულ არ მგონია, რომ ჩანაწერი ყალბია, მხოლოდ „ოცნებისთვის“ შედარებით მომგებიან სამართლებრივ სტრატეგიაზე ვლაპარაკობ).

მაგრამ ეს ფრაზა – „ავთენტურიც რომ იყოს, მერე რა…“, რასაც „ოცნების“ სპიკერები ერთიმეორის მიყოლებით იმეორებენ, ნიშნავს, რომ ან ისინი არიან იდიოტები, ან ჩვენ ვგონივართ ასეთები. თუ ჩავთვლით რომ ჩანაწერი ავთენტურია (ეჭვის საფუძველი ჯერ არავის მოუცია), მისი შინაარსი ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმეა.

პირველ რიგში, ამ ჩანაწერით დასტურდება, რომ ივანიშვილი არის საქართველოს ფაქტობრივი მმართველი. ცხადია, ამას სულ ვამბობდით და დამაჯერებელ ირიბ მტკიცებულებებსაც ვეყრდნობოდით, მაგრამ პირდაპირი და უშუალო საბუთი აქამდე არ გვქონია. აქ ივანიშვილი პრემიერზე ლაპარაკობის, როგორც მის პირად თანაშემწეზე, რომელსაც ტექნიკური საკითხების გადაჭრას ავალებს. ევტუშენკოვიც გულისხმობს, რომ ღარიბაშვილი დაბალი დონეა და თავისი გზავნილი უშუალოდ პირველ პირს – ივანიშვილს უნდა გადასცეს. მეტი სიცხადე ამ საკითხში რთულია: ვინც ჩანაწერის ავთენტურობას დაიჯერებს, შეუძლებელია არ დაიჯეროს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითია.

მეორეც, საქართველოს ფაქტობრივი მმართველი სოლიდარობას უცხადებს პუტინთან დაახლოებულ, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ რუს ოლიგარქს და მასთან ბიზნეს-ურთიერთობის მზაობას აცხადებს. ჩნდება, სულ მცირე, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორი მილიარდერის თანამშრომლობა საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად საქართველოს გამოყენებას ეხება. ეს ვარაუდი, სულ მცირე, კარგ გამოკვლევას საჭიროებს. ასეთი გამოკვლევა საქართველოში, ცხადია, შეუძლებელია. მაგრამ ის გააძლიერებს დასავლეთში ისედაც არსებულ ვარაუდს, რომ საქართველო გახდება შავი ხვრელი სანქციებისგან თავის დასაძვრენად (და ამით პირადად ბიძინა გამდიდრდება). პირადად ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების „ქეისი“ ძლიერდება.

თავის დასაძვრენად „ოცნების“ სპიკერები მიგვითითებენ სიტყვაზე „ზერნო“ (მარცვლეული), რომელსაც ევტუშენკოვი წარმოთქვამს. კი, ჰიპოთეტურად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ აქ მართლაც ხორბლის იმპორტზეა საუბარი (“დიდი რამე!”). მაგრამ ლოგიკურად ძნელი წარმოსადგენია, რომ ხორბლის რუტინული იმპორტის საკითხის მოსაგვარებლად პრემიერის დონეც კი არ კმარა და თვით უზენაესი მმართველია შესაწუხებელი: ემისარმა ალიმ პირადად უნდა უთხრას ის, რაც ტელეფონით არ ითქმის. 99% ალბათობით, „ზერნო“ კოდური სიტყვაა; არ ვიცით, რა იმალება მის უკან, მაგრამ სრული უფლება გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ მთლად კანონის და ეროვნული ინტერესების შესაბამისი ამბავი არ უნდა იყოს.

დაბოლოს, დესერტად, ბიძინა ამიერიდან უბრალოდ ბორისი კი არაა, ბორინკაა. სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ ამ მეტად სერიოზულ სიტუაციაში დაცინვა ხდება ქართული საზოგადოების ძირითადი იარაღი ხელისუფლებასთან მიმართებაში – მეტს ვერ ვქაჩავთ.“. – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

სამხედრო კრიმინალია, შოიგუს ბიზნესპარტნიორი – ელენე ხოშტარია ევტუშენკოვზე ასახელებს 4 ფაქტს, რომელიც მის „მოღვაწეობას“ ნათელს ხდის

ევტუშენკოვი: “ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან “ფეიკია”

„ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ადრესატმა“ – პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერზე

ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, ავთენტურიც რომ იყოს, კანონსაწინააღდეგო არაფერია: კობახიძე ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერზე

„ეს უკანონო ჩანაწერები როდის უნდა დასრულდეს?! ერთი მეგობარი მეორე მეგობარს კონსულტაციაზე ურეკავს, ეს არის და ეს“ – ზარქუა გავრცელებულ ჩანაწერზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g