28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც.
პროფკავშირების გაერთიანების შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკური მონაცემებით, ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლებში კლება შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა, კერძოდ, შრომის ინსპექციის ანგარიშის თანახმად:
- 2018 წელს გარდაიცვალა 59, მძიმედ დაშავდა 199;
- 2019 წელს გარდაიცვალა 45, მძიმედ დაშავდა 168;
- 2020 წელს გარდაიცვალა 39, მძიმედ დაშავდა 249;
- 2021 წელს გარდაიცვალა 33, მძიმედ დაშავდა 253.
დასაქმებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უერთდება მსოფლიო პროფკავშირების მოთხოვნას, რათა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ „შრომის უსაფრთხოება და დასაქმებულთა ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე“ აღიაროს ფუნდამენტურ უფლებად, ისევე როგორც:
- გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების ეფექტური აღიარების უფლება;
- იძულებითი ან სავალდებულო შრომის გაუქმება;
ბავშვთა შრომის აღმოფხვრა; - დისკრიმინაციის აკრძალვა სამუშაო ადგილებზე.
პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული ტრავმებისგან და პროფესიული დაავადებებისგან მსოფლიოში ყოველწლიურად 2,6 მილიონი ადამიანი იღუპება.
მათივე აზრით, არსებული ვითარება პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა განიხილებოდეს ფუნდამენტური უფლების რანგში. ამას გარდა, აუცილებელია „კოვიდ-19“-ის პროფესიულ დაავადებად აღიარება.