LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ რუხაძის ემოციური პოსტი საკუთარ დაბადების დღეზე: „მიხარია, რომ გავიდა ეს 80 წელი და აღარ მინდა იმ მორევში ისევ გადავარდნა…“

1051
ნუგზარ-რუხაძე

დღეს ცნობილი ჟურნალისტის, ნუგზარ რუხაძის დაბადების დღეა. ის განვლილ ცხოვრებას ერთ პოსტში აჯამებს:

„დღეს დავბადებულვარ, 3 მაისს. 1942 წელი ყოფილა. ბევრი ვიცხოვრე და ფიქრი ჩემი ცხოვრების დოღსა და ნატერფალზე ახლა დავიწყე, რვა ათეული რომ გავლიე, მაშინ. აბა, მანამდე, სად მეცალა მედიტაციისთვის! თავს და ოჯახს უნდოდა რჩენა, და მტერ-მოყვარეს სჭირდებოდა გამკლავება. შემაძრწუნებელი სისასტიკით ვიყავი ჩართული იმ საძაგლად დამღლელ და შიშისმომგვრელ პროცესში, მთელი ცხოვრება რომ მიღრენდა და ასე საშინლად მტკენდა დღემდე გაუმაგრებელ ხერხემალს. იმ ჩემი ცხოვრების მთელ სიგრძე-განს გრილი, ფერმკრთალი და მოცახცახე ჩრდილი ახლდა პერმანენტულად, რომ გადაჭარბებულად არ მენებივრა და ზედმეტად არ მეფათურებინა ხელი ჩემი ყოფის იმ სპორადიკულ ბოჰემურობაში.

ნუგზარ რუხაძე: „ამქვეყნად ჩემი რახურიხის მე-80 წელი მიდის და, არ დაგიმალავთ, ყველაფერი ახლა უფრო მეხალისება, ვიდრე, მაგალითად, ნახევარი საუკუნის წინ…“

ახლა კი, ფიქრთა ვარცხნის ამ ნეტარ ჟამს, როცა დარდიც შემომაცვდა და სადარდებელიც გამინელდა, დროდადრო გახსნილი გონება და ხელახლა ამახვილებული მეხსიერება მკარნახობს, რომ ის, რაც აქამდე გამივლია, სხვა არაფერია, თუ არა ჩემი ბავშვობის ნაყოფი და ანარეკლი, დედ-მამასთან დაგუბებული თავშეკავების, ნათესავთან ამაო თვალთმაქცობის, მეგობართან მარცხიანი გახსნილობის, სკოლასთან უსუსური ჭიდილისა და საკუთარ თავთან გაუგებარი შერკინების გამოძახილი. წივილია, ახლაც რომ გაყრუებს და ხელს გიშლის მთავარის გაგონებაში.

ჰოდა, როგორ გინდა, ამ ყველაფრის მომქანცველი ეფექტი განუმარტო ხოლმე შემოჩენილ მტერსა თუ ყალყზე მდგარ მოყვარეს, რომელთაც აცვიფრებთ ხოლმე ჩემი გამოვლილი ჭირვეულობა თუ ფსიქო-დრამატული ახირებები, სიცრუის ჯერ კიდევ გაუნელებელი სურვილი, მეორე ადამიანთან შერწყმით აღტაცება თუ განმარტოების ხვაშიადი? მიხარია, რომ გავიდა ეს ოთხმოცი წელი და აღარ მინდა იმ მორევში ისევ გადავარდნა, რომლის ცივი და მღვრიე წყალი ახლაც გადამესხმება ხოლმე მოცალეობისას. და მაინც, სწორი უფრო იყო ჩემ მიერ განცდილი, ვიდრე მრუდი. საოცარი მხოლოდ ისაა, რომ მოგონებასაც გამკლავება სჭირდება, თურმე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g