ისრაელი უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას განიხილავს.
ინფორმაციას ისრაელის მედია, Haaretz ავრცელებს.
Haaretz-ი ანონიმურ დიპლომატ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი შეტევითი იარაღის, ან მოწინავე თავდაცვითი ტექნოლოგიების გაგზავნას არ გეგმავს, მაგრამ ისეთი დახმარების პაკეტის შემუშავებას შეეცდება, რომელიც მოსკოვთან კრიზისის ესკალაციას არ გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი უკრაინისთვის სამხედრო მიწოდების საკითხზე ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, თუმცა, სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა.
უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმოშობასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ, ისრაელი გაანაწყენა.
სერგეი ლავროვის კოლეგა, ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იაირ ლაპიდი ამბობს, რომ უპატიებელი შეცდომაა, თითქოს ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა და რომ ამ განცხადების გამო, რუსეთის მხრიდან ბოდიშის მოხდას ელიან.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სერგეი ლავროვს ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, როგორ ხსნიან უკრაინის “დენაციფიკაციის” მცდელობას, მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, რაზეც ლავროვმა უპასუხა:
“მე რა, რომ ზელენსკი ებრაელია. ეს უკრაინაში ნაცისტურ ელემენტებს არ აქრობს. მე მგონი, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ზოგი ყველაზე უარესი ანტისემიტი ებრაელია”, – თქვა მაშინ ლავროვმა.
ლაპიდი ლავროვზე: ეს უპატიებელი კომენტარი და საშინელი ისტორიული შეცდომაა, ბოდიშს ველით