უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსული აგრესიის გამო, კიბოთი დაავადებულების მკურნალობა შეჩერებულია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ მორიგი ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით კატასტროფული ვითარება შექმნეს და ხალხს საჭირო რესურსი აღარ გააჩნია.
“უკრაინის დროებით ოკუპირებულ რაიონებში, აღმოსავლეთსა და სამხრეთში, კატასტროფული ვითარებაა სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მხრივ, თუნდაც უმარტივეს წამლებს. რუსეთმა უკრაინას და ევროპას ისეთი პრობლემები მოუტანა, რასაც რამდენიმე თვის წინ ვერ წარმოვიდგენდით.
კიბოთი დაავადებულთა მკურნალობა, დიაბეტით დაავადებულთათვის ინსულინზე წვდომა უკიდურესად რთულია ან, ფაქტობრივად, მიუწვდომელია, ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია, ეს უბრალოდ ანტიბიოტიკების ნაკლებობაა! – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში ოკუპანტებმა გაანადგურეს ან დააზიანეს 400-მდე სამედიცინო დაწესებულება – საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში