რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ქეთევან ხვედელიანმა მოინახულა. როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, სააკაშვილი ნამდვილად მე-12 დაწესებულებაშია და მისი გადაყვანა არ მომხდარა.
„მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე, იმყოფება დაწესებულებაში. შევხვდი, ვისაუბრეთ. დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება სახალხო დამცველის აპარატში. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სუსტი“, – განაცხადა ქეთევან ხვედელიანმა.
კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილის გადაყვანის მცდელობა, ხვედელიანმა უპასუხა, რომ გადაყვანის მცდელობა არ ყოფილა.
„როგორც სააკაშვილმა თქვა, არ ყოფილა არანაირი მცდელობა“, – აღნიშნა ქეთევან ხვედელიანმა.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში არ დაადასტურეს.