2021 წელს ტურისტების რაოდენობის აღდგენის მაჩვენებლით საქართველო მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩებოდა. კერძოდ, საქართველომ თურქეთსა (55%) და სომხეთზე (46%) უარესი შედეგი აჩვენა, მაგრამ აზერბაიჯანზე (25%) უკეთესი, – ინფორმაციას PMCG კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობითვე, 2021 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის აღდგენა (2019 წლის მაჩვენებლის 31%) დაბალი იყო როგორც ევროპის (38%), ასევე ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის (36%) საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ აღემატებოდა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (28%).
PMCG -ის ინფორმაციით, 2021 წელს, გლობალურად, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა, თუმცა პანდემიამდელ მაჩვენებელზე 72%-ით ნაკლები აღმოჩნდა.
„მსოფლიოში ტურიზმის აღდგენის ტემპი ნელი და არათანაბარია, ძირითადად ქვეყნებში განსხვავებული შესვლის შეზღუდვების, მოგზაურთა თავდაჯერებულობისა და ვაქცინაციის დონის გამო. ევროპაში დაფიქსირდა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის ყველაზე ძლიერი წლიური ზრდა (19%) და აღდგენა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით (-62%). 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის კლება ყველაზე მაღალი იყო ჩრდილოეთ ევროპაში (-82%), ხოლო სამხრეთ/ხმელთაშუაზღვისპირეთის ევროპაში ყველაზე დაბალი (-54%), რასაც მოჰყვა ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპა (-64%).
2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტების კლება საქართველოში (-69%) უფრო მეტი იყო როგორც ევროპის (-62%), ასევე ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის (-64%) საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (-72%) ნაკლები“, – წერია PMCG კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.