„26 მაისი მნიშვნელოვანი დღეა – დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება სჭირდება“,- ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ გააკეთა.
თბილისის მერი თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ესწრებოდა.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს. პირველ რიგში, ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც ღირსეულად, კეთილსინდისიერად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, აბსოლუტურად ყველა სფეროში. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. მინდა, მივულოცო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ეს დღე მართლაც მნიშვნელოვანია – დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ოფლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება, დაცვა სჭირდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდება გმირებს, დიდება ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“, – განაცხადა კახა კალაძემ.