იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ დღეს, 2 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს აღმოაჩენს, ასევე სრული მზადყოფნაა, რომ ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს.
როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები და „მაიმუნის ყვავილი“ აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას.
„ორი პრობლემა, რომელიც აქცენტირებული იყო ბოლო 2 კვირა – დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები ბავშვებში და „მაიმუნის ყვავილი“ მოზრდილებში, აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას“,- აღნიშნავს ჩხაიძე.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. ამასთან, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ თუ „მაიმუნის ყვავილი“ უფრო მეტი გავრცელებას მიიღებს, მაშინ აქვს აზრი ვაქცინის შექმნას.
გამყრელიძე:„მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო პრეპარატი არსებობს, საქართველო განაცხადს გააკეთებს
„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“.
ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბევრი შემთხვევა გვაქვს. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათეულ ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას“,- აღნიშნავს ჩხაიძე.