ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის 2020-იანი წლები ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცების პერიოდი იქნება. საკითხზე მან სანკტ-პეტერბურგის XXV საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.
„ეს ითვალისწინებს საკუთარი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური ბაზის დაჩქარებულ განვითარებას, სპეციალისტების მომზადების დონის ხარისხობრივ ზრდას, ასევე დამოუკიდებელი და ეფექტური ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას. ამასთან, რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო მეტად დაეყრდნობა კერძო ინიციატივას და, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს კურსს ღიაობისა და ფართო საერთაშორისო თანამშრომლობისკენ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიერ ეკონომიკურ პოლიტიკაში მრავალი წლის განმავლობაში „დაშვებულმა შეცდომებმა“ ინფლაციის ტალღა, მიწოდების ჯაჭვების მოშლა, სურსათის დეფიციტი და სიღარიბის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.