LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემი წარმატების ფორმულა სამი კომპონენტისგან შედგება – საქმის სიყვარული, საქმის დაჟინებით კეთების უნარი და საიმედო გუნდი” – ლევან დიასამიძე

83
diasamidze

გადაცემის ლაივი LIVE

6 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ “იბერკომპანი ჰოლდინგის“ დირექტორი ლევან დიასამიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარი კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ბატონო ლევან, რას წარმოადგენს „იბერკომპანი“?

– რამდენიმე წელია ჩავერთე „იბერკომპანის“ ჯგუფის მართვაში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კომპანიაა, რადგან რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებას აერთიანებს – ღვინის ექსპორტით დაწყებული, სოფლის მეურნეობით დასრულებული. ძალიან ვამაყობ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო პროექტით – 125 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ჭკვიანი სისტემითა და მზის პანელებით აღჭურვილი ნუშის პლანტაციით.

– როგორ ახერხებთ მრავალპროფილური კომპანიის მართვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის არა მხოლოდ შენარჩუნებას, არამედ პროპაგანდირებას?

– ძალიან რთულია, რადგან შეუძლებელია წარმატების მიღწევა დათმობის და კომპრომისის გარეშე. სამწუხაროდ, საქმის სანაცვლოდ ოჯახს, მეგობრებს  ვაკლებ ყურადღებას, თუმცა მაინც ვახერხებ ბალანსის შენარჩუნებას და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად დროის სწორად გადანაწილებას.

– რას ნიშნავს კონკურენცია?

– ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია, რადგან მეტწილად სწორედ ის განსაზღვრავს წარმატებას.

– რამდენად ხშირად მიირთმევთ ნაბერაულის ღვინოს?

– საერთოდ საღამოს მიყვარს ღვინის დალევა, თუმცა, კომპანიაში დილითაც ვაწყობთ დეგუსტაციას და ძალიან სასიამოვნოდ ვაგრძელებთ დღეს.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– რამდენიმე საუკეთესო მეგობარს, ვისი აზრიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, არ ღირს საკუთარ წრეში, სამყაროში ჩაკეტვა, ყველას სჭირდება სხვადასხვა სფეროს ადამიანებთან ურთიერთობა და სრულიად განსხვავებული აზრის მოსმენა.

– „იბერკომპანის“ ერთ-ერთ მიმართულებას უძრავი ქონებით ვაჭრობა წარმოადგენს. როგორ აისახა პანდემია ამ სფეროზე?

– საბედნიეროდ, ჩვენი ყველა წამოწყება, რომელიც პანდემიამდე არსებობდა, დღესაც წარმატებით ვითარდება. მართლაც უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ და რომ არა საქმის სიყვარული, ალბათ ვერ შევძლებდით მის დაძლევას. სხვათა შორის, სწორედ პანდემიის დროს დავიწყეთ ნუშების პროექტი და ღვინის ექსპორტი. რა თქმა უნდა, უამრავ დაბრკოლებას გადავაწყდით, თუმცა ერთგულებისა და ერთსულოვნების წყალობით, მაინც ყველა სირთულე დავძლიეთ.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ბავშვობაში სამხედრო თვითმფრინავის პილოტობას ვნატრობდი, თუმცა საბოლოოდ მაინც ბიზნესი და ფინანსები ავირჩიე საქმიანობის სფეროდ.

– რამდენად ხართ ჩართული სოციალურ პროექტებში?

– ვფიქრობ, ყველა ბიზნესმენი ვალდებულია ჩაერთოს სოციალურ პროექტებში და საკუთარი შემოსავლის ნაწილი მაინც მოახმაროს სოციუმს, რომელშიც არსებობს. ერთ-ერთ ბოლო აქტივობად უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებები იქცა, როცა ჯერ დონაციის აქციაში მივიღეთ მონაწილეობა, მერე ჩვენს სავაჭრო ქსელში მოვაწყვეთ სპეციალური ზონა, სადაც ყველა მსურველმა შეძლო საკუთარი წვლილის შეტანა და უკრაინელებისთვის მატერიალური თუ სხვა ტიპის დახმარების გაწევა.

– როგორ ამხნევებთ საკუთარ თავს რთულ სიტუაციაში?

– ჩემი აზრით რთული სიტუაციის წარმატებით დაძლევის საუკეთესო მეთოდი მეგობრების მხარდაჭერა და დახმარებაა. ზუსტად ისე, როგორც ჩვენი პარტნიორი ზაზა ფაჩულია დაგვეხმარა, როცა პანდემიის პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემა და სხვა ხარჯების გასტუმრება.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– რამდენიმე პროექტზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ გონებაში უნდა ჩამოვაყალიბო, რათა გამოვცადო, რამდენად საინტერესო და აქტუალური იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი საქმიანობის ენერგეტიკის სფეროში გაფართოება და ბიზნესის საზღვარგარეთ გატანა.

– რა პრინციპით ირჩევთ თანამშრომლებს და რას აფასებთ ყველაზე მეტად საქმიან პარტნიორში?

– ჩემთვის სწორედ თანამშრომლები არიან პარტნიორები, რადგან მათთან ერთად ვაკეთებ ყოველდღე საქმეს. ვფიქრობ, უმთავრესი მოტივაციაა და ძალიან მიხარია, როცა ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს ვხვდები.

– რომელი პროექტით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– ძალიან მომწონს ჩვენი ნუშების პროექტი, ვამაყობ ღვინის ექსპორტითაც, რადგან ყველა გვეუბნებოდა, რომ ურთულეს სფეროს ვეჭიდებოდით და ძალიან გაგვიჭირდებოდა მისი განხორციელება, თუმცა მაინც შევძელით.

– რა უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ საქმის კეთება, თუ მისი წარმატებული შედეგი?

– ალბათ კეთება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შედეგიც.

ბლიცკითხვები 

– რა თვისებას აფასებთ საკუთარ თავში და რა არ მოგწონთ?

– მომწონს საქმის დაჟინებით კეთების უნარს, არ მომწონს ფიცხი ხასიათი.

– კერძი, რომელსაც ყველაზე გემრიელად ამზადებთ?

– სტეიკი, სხვათა შორის, პურის გამოცხობაც შემიძლია.

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– სახლში ბავშვებთან ერთად.

– რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?

– პოზიტიურ განწყობას.

– საჩუქარი, რომელიც ყოველთვის გახარებთ?

– გულწრფელი მოლოცვა და მართლა მთელი გულით შერჩეული საჩუქარი.

– ფილმი, რომლის ნახვა არასდროს გბეზრდებათ?

– ძალიან მიყვარს ქართული ფილმები, მათ შორის „ცისფერი მთები“ და „მიმინო“.

– მთავარი დავალება, რომელსაც საკუთარ თავს აძლევთ?

– შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– უზარმაზარ ენერგიას, რომელიც თქვენგან მოდის.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ჩემი წარმატების ფორმულა სამი კომპონენტისგან შედგება – საქმის სიყვარული, საქმის დაჟინებით კეთების უნარი და საიმედო გუნდი, ვისი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები