პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას უკრაინასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„სამწუხარო რეალობაა, რომ მიუხედავად საქართველოს და ქართველი ხალხის თანადგომისა ბევრი მიმართულებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, საიდანაც ელჩი ჰყავს გაწვეული უკრაინის ხელისუფლებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწორედ ამიტომ არ გამოიჩინა საქართველოს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის ინიციატივა.
„მეორე საკითხი შეეხებოდა უკრაინის პრეზიდენტის მოწვევას თუ ჩართვას. მე მიკვირს, თუ რამდენი მეურვე და მისი სახელით მოსაუბრე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს.
აქამდეც ვთქვი და გავიმეორებ, არც ერთხელ უკრაინის პრეზიდენტს არ გამოუთქვამს ამის სურვილი და, ალბათ, არის ამის მიზეზი და მე ვვარაუდობ, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს – თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ დღემდე საუბარი იყო, თითქმის არ დარჩა ევროპის ქვეყანა, სადაც პარლამენტში არ გამოვიდა ან არ მიუმართავს უკრაინის პრეზიდენტს. არათუ თითქმის, არამედ ევროპაში არ არის არცერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინას გაწვეული ჰყავს ელჩი.
ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ მიუხედავად საქართველოს და ქართველი ხალხის თანადგომისა ბევრი მიმართულებით-პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ლტოლვილებზე ზრუნვის, სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორების გახსნისა და ამ მეგობრული დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, საიდანაც ელჩი ჰყავს გაწვეული უკრაინის ხელისუფლებას.
ამიტომაც ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი [უკრაინის] იმ ქვეყანას არ მიმართავს, რომლის მიმართაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული.
მივმართავ ოპოზიციას, რომელიც თავის თავზე იღებს უკრაინის პრეზიდენტის სახელით საუბრის უფლებას.
მოგიწოდებთ, რომ ეს ძალისხმევა პირიქით მიმართოთ უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რათა მათ დააბრუნონ ელჩი საქართველოში. არ შეიძლება ასეთი მეგობრული ხალხები და ქვეყნები იყოს ასეთ მდგომარეობაში, რომ ელჩი ჰყავდეს გაწვეული. საქართველოს ელჩი და საელჩო ბოლო მომენტამდე, დაბომბვამდე, იმყოფებოდა კიევში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.