“ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ერთ-ერთი ვებგვერდის – “პოლიტიკური სატირის” ფოტომონტაჟს, რომელზედაც ევროპარლამენტარების – რასა იუკნევიჩიანესა და ანდრიუს კუბილიუსის სახეები სალომე სამადაშვილისა და გუბაზ სანიკიძის სახეებთან არის შერწყმული წარწერით – “ნაცების ლობისტები ევროპარლამენტში”.
სამადაშვილი წერს:
“ამის გავრცელებაში ფულს რომ იხდი, სავარაუდოდ ბიუჯეტიდან და ხელისუფლება გქვია, ძალიან მაგრად გიჭირს. გადავუგზავნე ისე ამ ხალხს და იმათაც ძალიან იხალისეს, განსაკუთრებით იმ ფაქტზე, რომ დასპონსორებული ფოტოა”.
პოსტის ქვემოთ კი თავად ევროპარლამენტარი იუკნევიჩიანე ტოვებს კომენტარს და წერს:
“კარგი, თუ “ქართული ოცნების” მთავრობას მხოლოდ ასეთი საქმის შესრულება შეუძლია – კრემლის ჩვეული სქემით – ვშიშობ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში იმედი მცირეა”.
შეგახსენებთ, უმრავლესობის წევრების მხრიდან გუშინ პოლიტიკური შეფასებები მოყვა აღნიშნული ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ წერილს, რომლითაც მათ საქართველოს მოქალაქეებს მიმართეს.
გუშინვე, “ქართული ოცნების“”თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ განცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და დაახლოებით იგივეა, გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ერთობლივი განცხადება.