LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ხუთწლიანი არსებობის მანძილზე აკადემიამ წარმატებით განახორციელა ყველა ჩანაფიქრი. დარწმუნებული ვარ საზაფხულო ბანაკიც ძალიან წარმატებული იქნება” – „წარმატების ფორმულა“

51
tengo

გადაცემის ლაივი LIVE

13 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ აზროვნების აკადემიის საზაფხულო ბანაკის ხელმძღვანელი თენგო შუკაკიძე და ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი, მოზარდების კურსის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ბუაძე სტუმრობდნენ, რომელთაც აკადემიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აზროვნების აკადემია, რომელიც ბავშვებთან ერთად მოზარდებსა და ზრდასრულებსაც განსხვავებულ სალექციო, სატრენინგო და საკონსულტაციო კურსს სთავაზობს, 2017 წელს დაარსდა და 5 წელიწადში რამდენიმე საინტერესო პროექტი განახორციელა საბავშვო ბაღის, ონლაინ-აკადემიის, გამომცემლობისა და საზაფხულო ბანაკის ჩათვლით.

– ნინო, რატომ გადაწყვიტეთ აზროვნების აკადემიაში მუშაობა?

– აზროვნების აკადემიასთან თანამშრომლობა ბავშვების სიყვარულმა და მათზე ზრუნვის გამოცდილებამ, ამასთანავე საერთო ხედვამ და ინტერესებმა გადამაწყვეტინა. მანამდე უკვე არსებობდა მოზარდების საკვირაო სკოლა, ეწყობოდა ფსიქოლოგიური ტრენინგები და ლექციები, მოგვიანებით კი, საბავშვო ბაღი მოეწყო, რომელიც დღესაც წარმატებით ვითარდება. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ბანაკის შექმნის იდეა ბავშვებს და მათ მშობლებს ეკუთვნის, რომელთაც ზაფხულის ხალისიანად და საინტერესოდ გატარების სურვილი გაუჩნდათ. მართალია, იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, მაგრამ პანდემიისა და მკაცრი შეზღუდვების გამო მხოლოდ წელს შევძელით განხორციელება.

– თენგო, რა პროგრამას სთავაზობთ ბანაკში დასვენების მსურველებს?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ყოველთვის მთელი გულით ვგულშემატკივრობდი აზროვნების აკადემიას და ძალიან გამიხარდა, როცა ნინომ სწორედ ამ სასწავლებელთან გადაწყვიტა თანამშრომლობა. საზაფხულო ბანაკის გაკეთება აკადემიის დამფუძნებლებსაც ძალიან უნდოდათ, თუმცა დიდხანს ეძებდნენ პროფესიონალს, რომელსაც არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ზოგადად ბანაკში მუშაობის გამოცდილება ექნებოდა. მიხარია, რომ სწორედ მე აღმოვჩნდი ის პროფესიონალი, რადგან უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე პატრიოტულ ბანაკებში საქმიანობით, სადაც პრაქტიკულად ყველა ეტაპი გავიარე და ყველა სფერო გულდასმით შევისწავლე. თამამად შევთავაზე აკადემიის მესვეურებს ბანაკის საერთო სქემა, თუმცა საჭირო გახდა იმ კორექტივების შეტანა და პროგრამების დამატება, რომლებიც პატრიოტულ ბანაკებს აკლდა, რადგან მეტწილად გართობაზე იყო ორიენტირებული, არადა, ბანაკის მთავარი ფუნქცია ბავშვისთვის იმ მომსახურების შეთავაზებაა, რომელიც გართობასთან ერთად განვითარებასა და გარკვეული გამოცდილების შეძენაშიც დაეხმარება.

– ნინო, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე როგორ ანაწილებთ ოჯახში საქმეს?

– ძალიან სენსიტიური შეკითხვაა. ვფიქრობ, რაც უფრო დატვირთული ხარ, მით უფრო კარგად იცი დროის ფასი და ბევრად უკეთ შეგიძლია მისი სხვადასხვა სფეროზე გადანაწილება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დროის ლოგიკურად განაწილებას, თუმცა ყოველთვის არ გამოგვდის.

– რას გრძნობთ როცა შედეგს აღწევთ და რას თვლით მთავარ მოტივაციად?

– მართალია, მაქსიმალურად ვცდილობ არ მივაქციო ყურადღება სხვათა აზრს, რადგან ყურება ჯერ კიდევ არ ნიშნავს დანახვას, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის, ბავშვებისა და მშობლების შეფასება, რადგან სწორედ მათი ნდობაა წინსვლისა და ახლის შექმნის მოტივაცია.

– რამდენად შეიძლება თანამედროვე სამყაროში ბავშვის სტრესისგან დაცვა?

– სამწუხაროდ, დღეს ბავშვებს უამრავ გამოწვევასთან უხდებათ გამკლავება, რომელთაც გამოუცდელობისა და დაუმუშავებელი ემოციების გამო ხშირად ისევ ერთმანეთთან ურთიერთობაში აწყდებიან. სწორედ ამიტომ შეიმუშავა აზროვნების აკადემიამ ფსიქოლოგიისა და თვითგანვითარების პროგრამები, საზაფხულო ბანაკში კი, გართობასა და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად საგანმანათლებლო კურსსაც შევთავაზებთ, რომელიც საკუთარი თავის შეცნობასა და თვითგანვითარებაში დაეხმარებათ. სხვათა შორის, ჩვენგან განსხვავებით თანამედროვე ბავშვები ძალიან პრაქტიკულები არიან, ამიტომ ყოველთვის ინტერესდებიან რაში შეძლებენ მიღებული ცოდნის და გამოცდილების გამოყენებას.

– თენგო, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ხუთწლიანი არსებობის მანძილზე აკადემიამ წარმატებით განახორციელა ყველა ჩანაფიქრი. დარწმუნებული ვარ საზაფხულო ბანაკიც ძალიან წარმატებული იქნება, ამიტომ ახლა ზამთრის ბანაკსა და ბავშვებისთვის სრული სერვისის შეთავაზებაზე ვფიქრობ. იმედი მაქვს ჩვენს ბანაკში გაცნობილი ბავშვები მომავალშიც გააგრძელებენ ურთიერთობას, რადგან სწორედ თანატოლებთან მეგობრობა და სრულფასოვანი კომუნიკაცია ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ბანაკში მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების ყველა ნორმა, ლიდერებს კი, რომლებიც მთელ კვირას გაატარებენ ბავშვებთან უზარმაზარი გამოცდილება და სერიოზული ტრენინგები აქვთ გავლილი. ამასთანავე, თანაბრად განაწილდება ყურადღება და მზრუნველობა ყველა ბავშვზე, რაც მათ სრულ დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

– ნინო, თენგო მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ყოფილი წევრია. ალბათ, თქვენს სახლში ყოველთვის ხალისი და მხიარულებაა

– ვფიქრობ, სწორედ იუმორი გვეხმარება უსიამოვნებების, საკუთარი თავის მართვასა და რთული სიტუაციების შედარებით მსუბუქად აღქმაში.

– (თენგო შუკაკიძე) სხვათა შორის, ჩვენი ოჯახიც მანსაკანის წყალობით შეიქმნა. ჟიურის წევრის რანგში ვაფასებდი გუნდებს და ძალიან გამიკვირდა, როცა ერთ-ერთის ხელმძღვანელი ქალბატონი აღმოჩნდა. მართალია, თავიდან ნინო ცივად და თავშეკავებით შემხვდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელი მისი მოხიბვლა.

– რამდენადაც ვიცი, ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გაქვთ ნაცნობობა,

– ნაცნობობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. უბრალოდ, ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემას „გააცინე კომიკოსი“ სწორედ ზელენსკი ხელმძღვანელობდა, მე კი ძალიან მინდოდა მისთვის ქართული იუმორის, ხუმრობების გაცნობა, ამიტომ როცა საქართველოში გადაცემის მესვეურები ჩამოვიდნენ, მეც სიამოვნებით გავიარე კონკურსი და იმ ხუთ კანდიდატს შორის მოვხვდი, ვინც უკრაინაში გაემგზავრა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო ნომერი მოვამზადე და 20 ათასი გრივნას მფლობელი პირველი ქართველი იუმორისტი გავხდი.

– ნინო, რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას მუშაობის დროს?

– რა თქმა უნდა, ბავშვებთან ურთიერთობა და მათი უანგარო სიყვარული. პატარები ყოველთვის მზად არიან ჩაგეხუტონ და მოგეფერონ.

– ნინო, რა პრინციპით არჩევთ თანამშრომლებს?

– მთავარი მომავალი თანამშრომლის მოტივაცია და განვითარებისკენ სწრაფვაა. აზროვნების აკადემიის მთავარი მიზანიც სწორედ მუდმივი განათლება და მზარდი განვითარებაა.

– თენგო, რამ შეიძლება გაიძულოთ საქმიან პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა?

– არაპროფესიონალიზმმა და უპასუხისმგებლობამ, რაც გულგრილობას და ბავშვების მიმართ ზერელე, ზედაპირულ დამოკიდებულებას გულისხმობს.

– ახალ ოჯახურ პროექტს ხომ არ გეგმავთ?

– ჩემი შვილის, ბარბარეს წყალობით ძალიან საინტერესო პროექტი ჩავიფიქრე, რომელიც გაჯეტების დახმარებით ბავშვების განვითარებას გულისხმობს. ვფიქრობ, პროექტს Shark Tank-ის მესამე სეზონზე წარვადგენ.

– ნინო, როგორ მუშავდება ახალი იდეები აზროვნების აკადემიაში?

– მთავარი კარგი ხელმძღვანელი და თანამშრომელთა გუნდია, რომელიც იდეების განხორციელების საშუალებას მოგცემს.

– თენგო, რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– იმერული წარმოშობის წყალობით ცოტა ფიცხი ხასიათი მაქვს, ამიტომ გადაწყვეტილებასაც ყოველთვის სწრაფად ვიღებ, ნინო კი პირიქით, რაჭველია, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს და ფიქრიც დიდხანს სჭირდება.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– ბავშვობაში ბებია იყო, ახლა მეუღლე და უახლოესი მეგობარი მიხეილ ქორელია.

 

ბლიცკითხვები:

– ნინო, რომელია თენგოს საყვარელი ფერი?

– ყვითელი.

– თენგო, რა საჩუქარი ახარებს ნინოს ყველაზე მეტად?

– ჩემი მოფიქრებული ნებისმიერი ორიგინალური საჩუქარი.

– ნინო, რა სლოგანი აქვს აზროვნების აკადემიას?

– „მუდმივი განვითარება!“

– თენგო, ნინოს მომზადებული რომელი კერძი მოგწონთ ყველაზე მეტად?

– თევზი, რომელსაც ყველასგან განსხვავებულად ამზადებს, თუმცა მე არ მასწავლის.

– ნინო, რა პროფესიის არჩევას ნატრობდა თენგო ბავშვობაში?

– ძალიან უნდოდა მსახიობობა, მე კი, ქორეოგრაფობას ვნატრობდი.

– თენგო, სპორტის რა სახეობა გიტაცებთ?

– ჩემთვის ჭადრაკია სპორტი, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ვთამაშობ.

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– (ნინო ბუაძე) ძალიან გვიყვარს ქალაქგარეთ გასვლა.

– (თენგო შუკაკიძე) ორი წელია საკუთარ სახლში ვცხოვრობთ, რომელიც სწორედ ზელენსკის გადაცემაში მოგებული თანხით ავაშენეთ. ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ და არაჩვეულებრივად ვერთობით, ამიტომ ზელენსკისაც სიამოვნებით ვეპატიჟებით.

– სად ისურვებდით მოგზაურობას?

– (თენგო შუკაკიძე) ეგვიპტეში, ძალიან მომწონს პირამიდები.

– (ნინო ბუაძე) მე კი, კომფორტი მიყვარს, ამიტომ სიამოვნებით ვიმოგზაურებდი პარიზში.

– თენგო, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ჩემს შვილს, რადგან სწორედ ისაა ჩემი წარმატების ფორმულა.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– (ნინო ბუაძე) ჩემი აზრით, მთავარი საკუთარი პოზიციის სხვისთვის ზიანის მიყენების გარეშე გამოხატვის უნარია, ანუ ისე უნდა თქვა „არა“, რომ არც გული ატკინო სხვას, არც გაანაწყენო.

– (თენგო შუკაკიძე) ვფიქრობ, წარმატება – საკუთარი საქმის ისე სიყვარულია, რომ მისგანაც იგივე დაიბრუნო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები