სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს.
ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქცია – „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას 1 კვირის ვადას აძლევენ.
დიღმელაშვილის განცხადებითვე, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე საქართველოს რეგიონებში გავლენ, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდებიან და პარლამენტის შენობასთან დარჩებიან.
„წარმოგიდგენთ მოთხოვნას, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა და ბოლო მკაცრი ამოთქმა – გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა. ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, მათ აქვთ 1 კვირა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ან ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, ყველა უბანში ქალაქში და სოფელში. 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, შევუერთდებთ ერთმანეთს ნაკადებს და ავიზვირთებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, – აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.