2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384.6 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 207.0 მლნ. აშშ დოლარით, 144.1 მლნ. აშშ დოლარით და 27.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 22.1 მლრდ აშშ დოლარი (68.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 110.8 პროცენტია.
ამასთან, სებ-ის ცნობითვე, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.