LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი – დღეს არის მომენტი, როდესაც ეს ისტორიული მიღწევა უნდა აღნიშნოთ“ – ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის რადას მიმართა

69
ურსულა ფონ დერ ლაიენი

„პუტინის არმია აგრძელებს უკრაინელების მკვლელობას. ისინი აგრძელებენ თქვენი მიწების ოკუპაციას. იპარავენ თქვენს ხორბალს და ბომბავენ ქალაქებს. თქვენ გაბედულად იბრძვით და ევროპა თქვენ გვერდით იდგება, რამდენი ხანიც იქნება საჭირო. ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე თქვენ არ გაიმარჯვებთ“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის უმაღლეს რადაში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

დღეს, ოდესაში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდა, გაატარონ საჭირო რეფორმები, რათა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ უმაღლესი რადას დარბაზში ევროკავშირის დროშა აღმართეს, რომელიც უკრაინის ეროვნული დროშის გვერდით დადგეს.

ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისკენ გზის გავლას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს: ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში შეავსო. თქვენ შეძელით ყველა საჭირო ინფორმაციის მოწოდება რეკორდულად მოკლე ვადაში. ჩვენ ევროპულ ინსტიტუტებში დღე და ღამე ვმუშაობთ თქვენს მხარდასაჭერად, მაგრამ მხოლოდ თქვენი ძალისხმევაა საჭირო საქმის შესასრულებლად. უკრაინას ახლა აქვს ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა. ის არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს წარმოუდგენელი იყო ხუთი თვის წინ. დღეს არის მომენტი, როდესაც ეს ისტორიული მიღწევა უნდა აღნიშნოთ. ეს არის გამარჯვება იმ მოძრაობისთვის, რომელიც რვა წლის წინ მაიდანზე დაიწყო. თქვენ გრძელი გზა გამოიარეთ, აირჩიეთ დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

ერთ კვირაში პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ შმიგალთან ერთად მონაწილეობას მივიღებ ლუგანოში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენას ეხება. თქვენი ევროპული გზა და ქვეყნის რეკონსტრუქცია პარალელურად მოხდება. უკრაინა იქნება სათავეში და მასშტაბური ინვესტიციები განხორციელდება, მაგრამ მაქსიმალური ეფექტისთვის და ბიზნესის ნდობის განსამტკიცებლად საჭირო იქნება რეფორმების ახალი ტალღა.

თქვენ უკვე მიაღწიეთ პროგრესს, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლაში. კორუფციის პრევენცია და მასთან ბრძოლა ღირსების რევოლუციის შემდეგ თქვენი დღის წესრიგის სათავეშია. თქვენ შექმენით შთამბეჭდავი ანტიკორუფციული მანქანა, ახლა ამ ინსტიტუტებს სჭირდება სწორი ხალხი თანამდებობებზე. რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნონ ანტიკორუფციული პროკურორის ხელმძღვანელი და ანტიკორუფციული ბიუროს ახალი დირექტორი. ან ვისაუბროთ თქვენს გეგმაზე, მოახდინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა.

საჭიროა კანონმდებლობა მოსამართლეების შესარჩევად, რომელიც იქნება შესაბამისობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ინსტიტუციები უნდა გამოცოცხლდეს, რათა შეასრულონ თქვენი ხალხის ევროპული მისწრაფება, ან იფიქრეთ ოლიგარქების ზედმეტ გავლენაზე ეკონომიკაზე. დღეს უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელმაც მიიღო კანონი ოლიგარქების წნეხის დასაძლევად ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ამისთვის შეგაქებთ. ახლა ამ კანონის ამოქმედებაზე უნდა იყოთ ფოკუსირებული. ასევე აუცილებელია მედიის შესახებ კანონის მიღება, რომელიც შეუსაბამებს უკრაინის კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებს და გააძლიერებს მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ამ რეფორმებს სჭირდება დრო, მაგრამ უკრაინამ უკვე დაანახა ყველას, რომ შეუძლია რეფორმების გატარება ომის პერიოდშიც კი. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი ამ გზაზე იქნება უკრაინის გვერდით. „მე მჯერა უკრაინის ევროპული მომავლის“, – დასძინა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g