LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება რადიკალური ოპოზიციის მიერ აღქმულია როგორც სიგნალი, რომ ხელისუფლების გადასატრიალებლად მიეცათ 6-თვიანი ვადა: დავით ზილფიმიანი

81
დავით ზილფიმიანი

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, „ევროკომისიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება რადიკალური ოპოზიციის მიერ აღქმულია, როგორც სიგნალი, რომ ხელისუფლების გადასატრიალებლად მიეცათ 6-თვიანი ვადა“.

მისივე განმარტებით, „ოპოზიცია სვლას, სწორედ ამ მიმართულებით აგრძელებს და ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეაც სწორედ ამაზე არის ორიენტირებული“. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ქვეყანაში კოალიციური მთავრობა იქნებოდა, რომელიც პოლიტიკური შემადგენლობის საკანონმდებლო საკითხებზე ფოკუსირების მიზნით დააკომპლექტებდა ტექნიკურ მთავრობას ერთი საარჩევნო პერიოდის ვადით აღმასრულებელი სეგმენტის გამართული ფუნქციონირებისთვის.

„საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რადიკალური ოპოზიციის მიერ აღქმულია როგორც სიგნალი, რომ ამით ხელისუფლების გადასატრიალებლად მიეცათ კიდევ 6-თვიანი ვადა და ყველა ქმედებას და სვლას სწორედ ამის ფარგლებში ახორციელებენ. იგივე ტექნიკური მთავრობის იდეის ამ სიტუაციაში შემოტანა სწორედ ამაზე ორიენტირებული სვლა არის.

ახლა კი გამოდის რომ ტექნიკურ პროფესიონალებს ეძახი იმისთვის, რომ 6 თვით დაგაკომპლექტებთ და რიგგარეშე არჩევნები მოგვიმზადეთო? სრული აბსურდია! თან მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავრობამ მოახერხა და ინარჩუნებს როგორც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ასევე ლარის გამყარების ტრენდს და ასეთი ცვლილება ცხადია ამასაც დააზიანებდა, ყოველ შემთხვევაში საკმაო დროის ხანგრძლივობით.

რადიკალების ძირითადი შეტევის მიმართულება, ახლა ფოკუსირებულია იმაზე, რომ თუ აქამდე პირდაპირი გადაბრუნების იდეით ვერ ახერხებდნენ ადამიანური რესურსის მობილიზებას და მასობრიობას, ახლა ევროპული ინტეგრაციის იდეის მომხრე გულწრფელი მასის გამოჩენამ რეალური ცდუნება გააჩინა მასის საკუთარი მკრეხელური მიზნის მისაღწევად გამოყენებისთვის. ამ მასაში ფარულად დამატებითი იდეის შეცურება გულისხმობს რომ სწორედ გადატრიალებამ ან ხელისუფლების სასწრაფოდ და რიგგარეშე გადაგდებამ შეიძლება მოუტანოს ხალხს ევროინტეგრაციისკენ გზის გახსნა და ოცნების ახდენა. ანუ „ამათ ევროპას დაგვაშორეს, ჩვენ კი შინ ევროპაში დაგაბრუნებთ“. ეს სვლაც განწირულია ჩავარდნისთვის, რადგან ხალხის პოლიტიკური სიმწიფისა და სიფხიზლის დონე დღეისათვის იმ ნიშნულზეა, რომელიც ამდენწლიანი გამოცდილებით მიიღწევა“, – აცხადებს ზილფიმიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g