დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც მიუნხენის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარია, აქვეყნებს ვრცელ პოსტს, სადაც აღნიშნავს, რომ 22 წელი გერმანიაში ცხოვრების განმავლობაში არასდროს ჰქონია შემთხვევა, რომ ბავშვისთვის ვინმეს ეკითხოს, გოგო სურს იყოს, თუ ბიჭი:
„ევროპაში ასე ხდება.
ევროპაში არავინ ესაუბრება ბავშვს ან მოზარდს მის სექსუალურ ორიენტაციაზე, ან როგორც ჩვენთან ავრცელებენ ტყუილებს, თითქოს ბავშვებს ეკითხებიან: „ბიჭი გინდა იყო თუ გოგოო”, ასეთ სისულელეს არავინ ჰკითხავს ბავშვს. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, გამორიცხული და კატეგორიულად აკრძალული სკოლაშიც და ნებისმიერ სხვა დაწესებულებაშიც, სადაც ბავშვები იზრდებიან. 22 წელია, გერმანიაში ვცხოვრობ, მიწევდა და მიწევს მრავალ მშობელთან ურთიერთობა, უამრავი ჩვენი ბავშვი დაიბადა და გაიზარდა ევროპაში და ჯერ არავისგან, არცერთი მშობლისგან მსმენია, რომ ვინმემ სკოლაში ან მით უმეტეს საბავშვო ბაღში სექსუალურ ორიენტაციაზე რაიმე მიუთითა ბავშვებს (უხერხულიც კია, რომ ამ აბსურდზე მიწევს საუბარი). გატყუებთ ყველა, ვინც საწინააღმდეგოს გიმტკიცებთ.
აუცილებელი, რასაც მოზარდებს, ისიც უკვე გარკვეული ასაკის შემდეგ, სკოლაში ასწავლიან არის ის, რომ დაუშვებელია ძალადობა განსხვავებულ ადამიანზე და მიუღებელია ვინმეს ჩაგვრა სექსუალური თუ სხვა რაიმე ნიშნით. ასევე, ბავშვებს ყოველგვარი სირცხვილის და კონკრეტულ გვერდებზე „გადახტომის” გარეშე, განსაკუთრებით ფაქიზად, მაგრამ აკადემიურად ასწავლიან ადამიანის სხეულის აგებულებას, რეპროდუქციული და სასქესო ორგანოების აგებულებას, ფუნქციას, მნიშვნელობას ადამიანისთვის და ა.შ. (თავად მაქვს ნანახი ჩემი შვილების ბიოლოგიის სახელმძღვანელოში) ევროპაში ბავშვები აუცილებელ სქესობრივ განათლებას სკოლებში იღებენ და მათ არ აწუხებთ გაუგებარი სირცხვილის გრძნობა, აგრესია ან მავნე კომპლექსები საკუთარ სქესთან ან სქესობრივ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის ევროპა.
ევროპიდან გწერთ ამას.
განა არ გინდათ, ევროპასთან გაერთიანებით ჩვენი საქართველოც ასეთი გახდეს?
#ევროპაშიასეხდება“.