რა კავშირია მიჯაჭვულობასა და დეპრესიას შორის – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოკონსულტანტმა თაკო ნავერიანმა ისაუბრა.
როდის გრძნობს ბავშვი დაცულობას და კომფორტს?
მიჯაჭვულობა ძლიერი ემოციური კავშირია, რომელთანაც დაკავშირებულია ადამიანის უსაფრთხოების განცდა. მიჯაჭვულობა აჩენს ფიზიკური და ემოციური ურთიერთობისა და სიახლოვის სურვილს. მიჯაჭვულობის წყალობით ბავშვი გრძნობს დაცულობასა და კომფორტს, შეუძლია სხვა ადამიანი გამოიყენოს, როგორც „უსაფრთხო საფუძველი“ გარემომცველი სამყაროს შესწავლისთვის.
ძალიან ხშირად მიჯაჭვულობა ნეგატიურ კონტექსტში არის აღქმული და თითქოს ზედმეტ დამოკიდებულებას გამოხატავს ვინმეს ან რამეს მიმართ. ეს არის ძლიერი ემოციური კავშირი, რომელიც ყალიბდება დაბადებიდან ორ წლამდე. უსაფრთხო მიჯაჭვულობის განცდა კი შეგვიძლია ვთქვათ პიროვნების ფუნდამენტურ ღერძს წარმოადგენს.
რა ასაკამდე არის საურველი ბავშვისთვის ემოციური მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს?
ბავშვისთვის სამ წლამდე პერიოდი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ეს პერიოდი მისთვის უნდა იყოს სტაბილური მშვიდი, თუ მოხდა ამ პერიოდში მიჯაჭვულობის დარღვევა, ირღვევა სამყაროსადმი ბავშვის დამოკიდებულება, ირღვევა სხვა დანარჩენი ურთიერთობები. შეგვიძლია გავიხსენოთ, ერიკ ერიკსონის განვითარების სტადიები, სადაც პირველ სტადიაზე, რომელიც დაბადებიდან წლამდე ყალიბდება გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბაზისურ ნდობას. თუ ამ სტადიაზე ბავშვმა არ იგრძნო უსაფრთხოდ თავი, უვითარდება არასაიმედოობის განცდა, მუდმივი საფრთხის შეგრძნება, რომ არ არის საჭირო.
მიჯაჭვულობა შეგვიძლია დავყოთ უსაფრთხო და დეზორგანიზებულ, არაუსაფრთხო მიჯაჭვულობად. უსაფრთხო მიჯაჭვულობის განცდას მოაქვს პირველ რიგში თვითშეფასების შეგრძნება, რომ ვარ მნიშვნელოვანი, საჭირო, მე მელოდებოდნენ და მაღიარებენ, შემიძლია ვენდო, ღირსი ვარ სიყვარულის.
დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის დროს ბავშვი თავად იკმაყოფილებს, მის მოთხოვნილებებს, შედეგად კი აღარ გამოხატავს მის მოთხოვნილებას.
რა კავშირშია მიჯაჭვულობასა და დეპრესიას შორის?
ერთი და იგივე სტრესორის შემთხვევაში ვიღაც მარტივად გადალახავს სტრესს, ვიღაცა დეპრესიისკენაა მიდრეკილი. აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორი იყო მისი მიჯაჭვულობა დედასთან. შეიძლება ვთქვათ რომ, მის ბავშვობაში დედა ფიზიკურად შეიძლება მის გვერდით იყო, თუმცა ემოციური სტაბილური კავშირი არ ჰქონდეს შვილთან.