რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხეზე ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი ბრატჩუკი იუწყება.
ის აცხადებს, რომ შავ ზღვაში მყოფ რუსულ ხომალდებს “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტები აქვთ გამზადებული.
ინფორმაციას გამოცემა 24tv.ua ავრცელებს
„შავ ზღვაში გაიზარდა რუსეთის ხომალდების რაოდენობა. ამ ხომალდებს ბორტზე საზღვაო გამოყენების, „კალიბრის“ ტიპის რაკეტები აქვთ. 30-ზე მეტი რაკეტაა 5 ხომალდის ბორტზე – 3 წყალზედა და 2 წყალქვეშა ემუქრება უკრაინას ზღვიდან“, – ამბობს სერგეი ბრატჩუკი.
ბრატჩუკის თქმით, გასულ ღამეს, ორი საათის განმავლობაში ისმოდა საჰაერო განგაშის ხმა ოდესის ოლქში.
“5 ივლისის ღამემ აფეთქების გარეშე ჩაიარა, თუმცა სარაკეტო თავდასხმის საფრთხე არ გამქრალა.”
სერგეი ბრატჩუკი ასევე აღნიშნავს, რომ „HIMARS -ის სისტემები მუშაობს არამხოლოდ დღისით, არამედ ღამითაც“.
სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნატალია გუმენიუკი, 4 ივლისს აცხადებდა, რომ შავ ზღვაში განლაგებულ რუსეთის ხომალდებზე 28 რაკეტაა.
უკრაინული მედიის ცნობით, 5 ივლისის ღამეს საჰაეროს განგაში მთელ უკრაინაში ჩაირთო. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში, დნეპრში, სუმის ოლქში. სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებოდა ნიკოლაევის მერი ალექსანდ სენკევიშიც.
რუსეთმა 7 რაკეტა გაუშვა დნეპროპეტროვსკის ოლქში, თუმცა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ყველა მათგანი მოიგერია.