„ქართული ოცნება“ ევროკავშირს შანტაჟის ენით ესაუბრება“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა და თქვა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთელ ქვეყანას არცხვენს.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, „ოცნების“ მიზანია, მთელი ოპოზიცია რადიკალებად გამოაცხადოს, რათა ევროკავშირს უთხრას, რომ მას არ ჰყავს ისეთი ოპოზიცია, რომელთანაც ერთადაც მაგიდასთან დაჯდომა შეიძლება.
„ეს განცხადება მიზანმიმართულად გაკეთდა. „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია, ქვეყანას სტატუსის მისაღებად პრობლემა შეექმნას და ეს ოპოზიციას დაჰბრალდეს, ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირონ. ვითარების სრული რადიკალიზაციაა და ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ.
მათთვის მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრაზე პარტიების ნაწილი სასაუბროდ საკუთარი დღის წესრიგით მიდის და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, კობახიძე ამ განცხადებით ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია, ისინიც კი, ვინც ცდილობს ცდა არ დააკლოს 12 პუნქტის შესრულებას და კიდევ აგრძელებს შეხვედრებს „ოცნებასთან“, ყველა ერთ კუთხეში მიდევნოს და რადიკალური ოპოზიცია დაარქვას.
ამით ხელი გაიშვიროს ისევ ოპოზიციისკენ და უთხრას დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიცია ჰყავს რადიკალი, არ დგამს არც ერთ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ და არ ხვდება „ქართულ ოცნებას.“
ასეთი მიზანმიმართული განცხადების შემდეგ, პირიქით, ჩვენ უნდა ჩავერთოთ პროცესში, რომ „ოცნებამ“ წარმოადგინოს რას აპირებს კობახიძის ამ სამარცხვინო განცხადების შემდეგ. რომ შანტაჟის ენით საუბარი მან ევროკავშირთან უკვე დაიწყო.“– განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი იმ შემთხვევაში დაეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დაწევას, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.