LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევა ის საკითხები, რაც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება“– სამადაშვილის განცხადებით, EU-ს რეკომენდაციების შესასრულებლად დღის წესრიგს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ორშაბათს წარადგენენ

92
სალომე სამადაშვილი

„შევა ის საკითხები, რაც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება, რადგან ქვეყანას კომისიის შექმნა არ სჭირდება იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ უნდა გარდაიქმნას მართლმსაჯულების სისტემა“‚ – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების პროცესი დღესაც გაგრძელდება.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად, კონსულტაციების შედეგად შემუშავებულ დღის წესრიგს ორშაბათს წარადგენენ.

„შედეგად წარვადგენთ იმ დღის წესრიგს, რომლითაც ჩვენი აზრით, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა უზრუნველყოთ იმ 12 მოთხოვნის შესრულება, რასაც ევროკავშირი გვიყენებს წინაპირობად კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

რა იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილება, ანუ მოიწვევენ თუ არა ამ სხდომას, შეიტანენ თუ არა დღის წესრიგში იმ რეალურ საკითხებს რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინ წავიდეთ, ეს „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რას უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება, რომელსაც რეალურად სურს კანდიდატის სტატუსის მიღება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აპირებს, შეადგინოს კონკრეტული დღის წესრიგი საპარლამენტო სხდომებისთვის, რომელზეც  პარლამენტმა მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

„შევა ის საკითხები, რაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას, რადგან ქვეყანას კომისიის შექმნა არ სჭირდება იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ უნდა გარდაიქმნას მართლმსაჯულების სისტემა. კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები არსებობს და ამ ინიციატივებს კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა და უმრავლესობის დეპუტატებმა კეთილი ინებონ და საკუთარი მანდატი ერთხელ მაინც ხალხის ინტერესების მხარდასაჭერად გამოიყენონ. კონკრეტულ დღის წესრიგს საპარლამენტო სხდომების საზოგადოებას ორშაბათს გავაცნობთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის თქმით, კონსულტაციები იგეგმება მათ შორის პრეზიდენტთანაც, რომელმაც სხდომის მოსაწვევად, საკუთარი კონსტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს.

სამადაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ჯერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ და მერე დავწევთ ბარიერსო, ეს ფაქტობრივად არის უარი ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ შორის ეს არის მიშელის შეთანხმების შესრულების კონტექსტში მიღწეული შეთანხმება. მსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, პირველი პუნქტი ევროკავშირის ჩამონათვალში სწორედ მიშელის შეთანხმების განხორციელებაა. როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ჯერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ და მერე დავწევთ ბარიერსო, ეს ფაქტობრივად არის უარი ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე, იმიტომ, რომ როდესაც გეუბნებიან ჯერ უნდა შეასრულო პირობები და მერე მიიღებ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, პასუხი არ უნდა იყოს, რომ ჯერ სტატუსი მომეცი და მერე ვნახოთ, შევასრულებ თუ არა პირობებს.“– განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

magti 5g