უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებული მოქალაქეები, 1 კვირაზე მეტია პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობენ. ისინი კავშირის მენეჯმენტის გადაწყვეტილების შეცვლას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
უსინათლოები აცხადებენ, რომ სამსახურიდან უსამართლოდ დაითხოვეს, მხოლოდ იმის გამო, რომ მიზერული ხელფასის განახევრება გააპროტესტეს. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, ლელა ვეფხვაძე შიმშილობის გამო შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
„უსამართლოდ გათავისუფლებულები ვართ. გვინდა სამართლიანობის აღდგენა, რა ვიცი, მე მგონი ამაში მიუღებელი არაფერი არ უნდა იყოს. აქ მარტო ხელფასი არ არის. უსინათლო ადამიანისთვის იმის რეალიზება რისი უნარიც აქვს, არის ძალიან ძნელი. ჯერ საერთოდ ჩვეულებრივი ადამიანისთვის და მით უმეტეს უსინათლოსთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის. ჩვენ აქ ჩვენი ნიჭი, ჩვენი შესაძლებლობის რეალიზებას ვახდენდით, ამის საშუალებაც მოგვისპეს.“– თქვა „მთავარ არხთან“ საუბრისას 9 აპრილის ტრაგედიის მონაწილემ, ლელა ვეფხვაძემ.
უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებულმა 12-მა პირმა უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში. საქმის განხილვა 1-ელ აგვისტოსაა ჩანიშნული. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, სამსახურში აღდგენაა.
მათი უფლებადამცველის განცხადებით, ყოფილი თანამშრომლების ხელფასი 200-400 ლარის ფარგლებში მერყეობდა და სწორედ ეს თანხა გაუნახევრეს მათ. ამ ფონზე კი, უსინათლოა კავშირის ხელმძღვანელებისა და გამგეობის წევრების ანაზღაურება გაიზარდა.