LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგ საკანში ე.წ ლამინატია დაგებული, პლაზმური ტელევიზორი დაკიდებული…პატიმრები ციხის ადმინისტრაციასთან არიან გარიგებულები: ტატო ქელბაქიანი ციხეებში არსებულ ვითარებაზე

452
ტატო ქელბაქიანი

წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა [CPT] საქართველოში საგანგებო ვიზიტის ფარგლებში გაკეთებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი საპატიმრო დაწესებულებებში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებსა და იმ პრობლემებს ეხება, რაც ამ სისტემის არსებობას თან ახლავს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა. 

„პატიმართა შორის ძალადობა, არაფორმალური კრიმინალური მმართველობა, ე.წ. ობშიაკები“ – რა წერია CPT-ის ანგარიშში და რას პასუხობენ მმართველ გუნდში

მისი თქმით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში საუბარია პრივილეგირებულ საკნებსა და პატიმრებზე, ასევე ე.წ „ობშიაკების შეგროვებაზე“. ტატო ქელბაქიანის თქმით, ანგარიშმა დაადასტურა ის პრობლემები, რომელზეც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წლების განმავლობაში საუბრობდა.

ტატო ქელბაქიანის თქმით, პრივილეგირებული პატიმრები ციხის ადმინისტრაციასთან არიან გარიგებულები, რის შედეგადაც ზოგ პატიმარს საკანში ე.წ. ლამინატი აქვს დაგებული, ზოგს პლაზმური ტელევიზორი დაკიდებული.

რაც შეეხება ე.წ „ობშიაკების შეგროვებას“ ტატო ქელბაქიანი აცხადებს, რომ პატიმრებს ციხეში მხოლოდ ვალუტა არ სჭირდებათ, რადგან ისინი სხვა ალტერნატიულ რესურსებს იყენებენ ამისათვის.

„პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადება: „პატიმარს შეუძლია შეიძინოს გარკვეული ნივთი – მე-17 დაწესებულებაში ხელმისაწვდომი იყო ე.წ. ლამინატი, რომლის შეძენაც სავარაუდოდ, წესების დაცვით მოხდა“, სრული აბსურდია.

ტატო ქელბაქიანის თქმით, იმისათვის,რომ არსებული პრობლემა მოგვარდეს, ჯერ მათი აღიარება უნდა მოხდეს, რაც ასე არ ხდება და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომელთაც აღნიშნულზე რეაგირების მოხდენა შეუძლიათ, აცხადებენ, რომ პრობლემა არ არსებობს.

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშმა დაადასტურა ის ფაქტები, რის თაობაზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში საუბრობდა, არამარტო 2020, არამედ 2019 და 2018 წლების ანგარიშშიც. ჩვენს ორგანიზაციასაც „პრევენცია პროგრესისთვის“ ჰქონდა კვლევა სუბკულტურის შესახებ, სადაც დეტალურად გამოჩნდა ეს პრობლემები.

ლომჯარია: “წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ საუბრობს ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების პრობლემაზე, ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკასა და ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე

დაწესებულებებში, სადაც მონიტორინგი განხორციელდა ჩანს იერარქია. არის პრივილეგირებული საკნები და არიან პრივილეგირებული პატიმრები. როდესაც ციხეში შედიან და ნახულობენ, რომ დანარჩენი საკნები ჩვეულებრივია და სადღაც ე.წ. ლამინატია დაგებული, პლაზმური ტელევიზორის დაკიდებული, ჩანს რომ ამ პატიმრებს ვიღაც პრივილეგიებს უქმნის. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს არის გარიგების ნაწილი ციხის ადმინისტრაციასთან. 

სრული აბსურდია იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ „პატიმარს შეუძლია შეიძინოს ე.წ. ლამინატი“. მაშინ პატიმარმა რემონტი რომ მოინდომოს, რემონტს დაიწყებს? გამორიცხულია ასეთი რამ.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი 2018 წელს ქსნის დაწესებულებაშიც იყო შესული და ნახეს, რომ ერთ-ერთ პატიმარს აკვარიუმი ჰქონდა და პრივილეგირებული საკანი მაშინაც შეამჩნიეს.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ციხეში ვიზიტს, გამომწვევი მიზეზები აქვს. პირველი შემთხვევა იყო 2012 წელს გასაგები მიზეზების გამო, შემდეგ 2018-ში და ბოლოს 2021 წელს.

ციხეებში თანამშრომლების სიმცირის და კვალიფიციური თანამშრომლების პრობლემაა, რადგან არაა ეს სამსახური პოპულარული, კადრების შენარჩუნება უჭირთ. ასევე პრობლემაა ინფრასტრუქტურა. წარმოიდგინეთ, ქსნის დაწესებულება, რომ ავიღოთ არის 1500 პატიმარი და დღის განმავლობაში შეიძლება 30 ან მაქსიმუმ 40 ადამიანი ადევნებდეს თვალყურს.

უნდა მოხდეს ციხეების მოდიფიცირება, რომელიც იქნება მცირე ზომის და მოხდება გარკვეული ჯგუფების დიფერენცირება, რომ ერთმანეთზე ზეგავლენა არ მოახდინონ და უფრო ადვილად ხდება ამ პრობლემების მართვა. 

ვიღაც პატიმრისთვის პრივილეგიების შექმნას ვერანაირი ობიექტური მიზეზი ვერ ახსნის.

ციხეში არის ძველი ტრადიცია ჩამოყალიბებული, გარიგებაა, რომ ისინი ეხმარებიან ციხის ადმინისტრაციას ციხის მართვაში. გამოიკვეთა ასეთი პრაქტიკა, რომ საჩივრები საერთოდ არ იგზავნება. პატიმარს არ აგზავნინებენ საჩივრებს და ამაში მონაწილეობს სხვა პატიმრების ჯგუფი, რომელიც ადმინისტრაციასთან არის შეთანხმებული. შეუძლებელია 3 წლის განმავლობაში ვიღაცას არ გაუჩნდეს სურვილი, ადმინისტრაციის ქმედებები გააპროტესტოს. ვერცერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც შეიძლება ასეთი პრეცედენტი მოხდეს. ამ გარიგების გარეშე შეუძლებელია ასეთი რამ ხდებოდეს.

გარდა ამისა ანგარიშში გამოიკვეთა ე.წ. ობშიაკების შეგროვების პრობლემა. დღეს მოვისმინე, რომ იქ ფულის შეგროვება არ ხდებაო, სულ არ სჭირდებათ იქ კონკრეტული ვალუტა, მისი ფუნქცია შეიძლება ნებისმიერმა პროდუქტმა შეასრულოს, გარეთაც შეიძლება გროვდებოდეს და სატელეფონო ბარათებს იყენებდეს ან სხვა ალტერნატიულ რესურსებს.

პრობლემა მზარდია, უფრო და უფრო მეტად იმატებს და ეჭვიც შეიძლება არსებობდეს, რომ ამის უკან იყოს კორუფციული გარიგებები ციხის ადმინისტრაციასთან. შეუძლებელია ამ პროცესებს უყურებდე… ან საერთოდ უუნაროები არიან და ვერ მართავენ, ან თავადაც ამ პროცესის მონაწილეები არიან. 

დღეს ვესწრებოდი ერთ-ერთ შეხვედრას და ვთქვი, რომ პრობლემები, რომლებიც ანგარიშშია ჩამოთვლილი, მათ შორის პატიმრებს შორის ძალადობის შემთხვევები, რომელიც ძალიან მომატებულია, უნდა გამოიძიონ და რაღაც რეაგირება მოახდინონ.

პრობლემის მოგვარება იწყება პრობლემის აღიარებით, როცა ასეთ დისტანციას იჭერენ, რომ პრობლემა არ არის, გამოდის, რომ არც ამ პრობლემების რეაგირება არ სურთ“, – განაცხადა ტატო ქელბაქიანმა. 

mazda magti 5g