LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქსტატის და შსს-ს მიერ სუიციდის და სუიციდის მცდელობის შესახებ აღრიცხულ მონაცემებში 100%-იანი ცდომილებაა – მონაცემები ნდობას არ იმსახურებს“: ტატო ქელბაქიანი

124
ტატო ქელბაქიანი

„საქსტატის და შსს-ს მიერ სუიციდის და სუიციდის მცდელობის შესახებ აღრიცხულ მონაცემებში 100%-იანი ცდომილებაა – მონაცემები ნდობას არ იმსახურებს“, – აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა.

მისი განმარტებით, საქართველოში არ არსებობს სანდო მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით და რა არის ამის გამომწვევი მიზეზები, რაც თავის მხრივ ართულებს ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული სუიციდის პრევენციის პოლიტიკის შემუშავებას.

ტატო ქელბაქიანის თქმით, „პრევენცია პროგრესისთვის“ წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და არის მზაობა, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის გარკვეული საკოორდინაციო მაინც ჩამოყალიბდეს, რომ ასეთი მონაცემების აღრიცხვა მოხდეს.

„ჩვენმა ორგანიზაციამ, ევროპის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა კვლევა სუიციდის პრევენციის შესახებ. ამის მიზანი იყო შეგვეფასებინა, როგორი არის დღევანდელი პოლიტიკა სუიციდის პრევენციის მიმართულებით. პირველ ეტაპზე მოხდა იმის ანალიზი, თუ როგორ ხდება ამ მონაცემების აღრიცხვა, რეგისტრაცია და საერთოდ ამ პრობლემების ანალიზის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

ჩვენ თუ გვინდა, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები შევიმუშაოთ, უნდა ვიცოდეთ პრობლემის მასშტაბებიც და მისი გამომწვევი მიზეზები.

კვლევამ აჩვენა, როგორ აღირიცხება და სად აღირიცხება ასეთი ტიპის მონაცემები. აღმოჩნდა, რომ 2 უწყება ამუშავებს ამ მონაცემებს საქართველოში. ცალკე აქვეყნებს შსს სუიციდის და სუიციდის მცდელობის შემთხვევებს და ასევე ცალკე აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ორ უწყებას მონაცემების გამოქვეყნების კუთხით იმხელა ცდომილება აქვს, რომ ზოგჯერ 60%,70% და 100%-იანი ცდომილებაა. ფაქტობრივად ეს მეთოდოლოგია იმდენად დაუხვეწავია, რომ ამ ორი უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არანაირ ნდობას არ იმსახურებს. 

იმდენად მაღალია ცდომილება, რომ არ ვიცით რეალურად რა არის მასშტაბები. კვლევაში გვქონდა რეკომენდაციები, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქვეყნებს ხოლმე.

სამედიცინო თვალსაზრისით, როცა აფიქსირებ ასეთ შემთხვევას, მნიშვნელოვანია რომ ხდებოდეს საგამოძიებო კუთხით გადამოწმებაც. ეს არის მთავარი გამოწვევა. გვქონდა შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან და არის მზაობა, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის გარკვეული საკოორდინაციო მაინც ჩამოყალიბდეს, რომ ისეთი მონაცემების დამუშავება მოხდეს და რეალურად გავიგოთ მასშტაბები ამ თვალსაზრისით.

ჩვენს ქვეყანაში სუიციდის გამომწვევი მიზეზების ანალიზი არ კეთდება. იყო ასეთი სტრატეგია, სადაც იყო ასახული ვალდებულება, რომ სუიციდის პრევენციის სტრატეგია უნდა შემუშავებულიყო, თუმცა წინა წლებში ეს არ შეიმუშავეს ახალ სტრატეგიაში კიდევ ეს ვალდებულება საერთოდ ამოიღეს. რაც ძალიან ცუდია“, – აცხადებს ტატო ქელბაქიანი.

პოპულალურები