“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, “ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილითაც ჩანს, თუ რამხელა შარშია ქვეყანა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში:
“ადამიანმა რომ არ იცოდეს სიტუაცია და უცებ გინდა გაარკვიო ვითარებაში, ეს წერილი არის საუკეთესო მტკიცებულება, თუ ვინ არის ღარიბაშვილისა და ყველა პოლიტიკური არარაობის პატრონი.
კომიკურია… ეს წერილი, რომელიც ამ ყველაფრის უარყოფისთვის არის დაწერილი, სწორედ ამის მტკიცებულებაა. დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, მთავარი მამამარჩენალისადმი მიძღვნილი ქებაა, მისი სიდიადის აღიარება.
შეგიძლიათ ადვილად წარმოიდგინოთ, როგორ ასწორებს ამ წერილს თავად ივანიშვილი. ეგ თვისება ადრე ჰქონდა, სხვებს აწერინებდა წერილებს, ოღონდ მერე წამოცდებოდა ხოლმე, მე დავაწერინეო. ესეც შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ დაწერა, რაც მის გულს ესიამოვნებოდა, ის დააწერინა. ამ და უფრო ღრმა მოტივებზე სპეკულირება არც მინდა, ყველასთვის გასაგებია ამ ადამიანის შინაგანი სამყარო. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია, ამ წერილითაც კი ვიმსჯელოთ, თუ რამხელა შარშია ქვეყანა”, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვრცლად საუბრობს ბიძინა ივანიშვილზე, მის ღვაწლსა და სამშობლოსადმი სიყვარულზე.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ბრძოლისა და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა.
პრემიერი დეოლიგარქიზაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ როდესაც შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები ამაზე საუბრობენ, ეს მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია.