პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვრცლად საუბრობს ბიძინა ივანიშვილზე, მის ღვაწლსა და სამშობლოსადმი სიყვარულზე.
ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია – რატომ ამაყობს ირაკლი ღარიბაშვილი ბერასთან მეგობრობით?
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ბრძოლისა და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა.
პრემიერი დეოლიგარქიზაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ როდესაც შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები ამაზე საუბრობენ, ეს მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია.
ღარიბაშვილის თქმითვე, ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს.
“საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ეს ადამიანი… როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც მას აქვს გაკეთებული” – უმრავლესობა ივანიშვილსა და პრემიერის განცხადებაზე
პრემიერ-მინისტრის ვრცელ განცხადებას დღეს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მმართველ გუნდში პრემიერს ეთანხმებიან და აქვე აღნიშნავენ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გაშმაგებული შეტევაა.
პრემიერის მიმართვის შემდეგ, პოსტი გამოაქვეყნა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმაც.
“როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?!
ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ”, – დაწერა წილოსანმა.
მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ის ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილის კონტექსტს და ძირითად ფაბულას იზიარებს. მისივე თქმით, ოპონენტების გამოხმაურებებიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი:
“ხედავთ, რომ არის გაშმაგებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე. ამ ადამიანის დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი. ამაშია ჩართული ყველა, ვისაც არ ეზარება – პოლიტიზებული მედია, პოლიტიკოსები ყველა პარტიიდან, პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ; ასევე გარე აქტორები, ხშირ შემთხვევაში დასპონსორებული ადამიანები უცხოეთიდან, რომელიც ღია ეთერებში ერთვებიან, ასევე ხელს უწყობენ ივანიშვილის დემონიზაციას.
არაფერი ამ საქმიდან არ გამოვა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა გაუკეთებია მას საქართველოში. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამისგან არაფერი არ გამოვა”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას აფასებს მმართველი პარტიის კიდევ ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილი და ამბობს, რომ ივანიშვილის არსებობა საქართველოში უამრავ სიკეთეს უკავშირდება:
“ივანიშვილის ავტორიტეტი პოზიტიურად დარჩება. ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულმა თამაშის წესებმა დაიმკვიდრა ადგილი და დღეს გადაწყვეტილებები მიიღება თანამდებობის პირების მხრიდან. ვერც კანონმდებლობის და ვერც ლოგიკის თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად. რადიკალურ ოპოზიციას აწუხებს არა მათ მიერ გამოგონილი ოლიგარქი, არამედ ის, რომ ეს პიროვნება არსებობს, რადგან მისი არსებობა უკავშირდება საქართველოში უამრავ სიკეთეს და სიკეთეების მიმართ რადიკალურ ოპოზიციას აქვს განზიდულობა”, – ამბობს მაჭარაშვილი.
“ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ქართული პოლიტიკა არ წასულა მისგან” – რას ამბობს ოპოზიცია
პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი ჰერმან საბო და აღნიშნავს, რომ ბუნებრივი და სწორი იქნება, თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, რადგან ბევრად უფრო გასაგები იქნება, რა პოზიცია და ფუნქცია აქვს და “დახუჭობანას თამაშიც დასრულდება”.
“ჩვენი ევროპელი მეგობრები ამბობენ, რომ ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე არ ნიშნავს კანონს ივანიშვილის წინააღმდეგ. აღნიშნული ჩანაწერი ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს და მისი პარტია იყოს ხელისუფლებაში, ხელისუფლების დანაწილება და სახელისუფლებო შტოებს შორის ერთმანეთის კონტროლი უნდა იყოს შენარჩუნებული. თუ ამას ვერ მივაღწევთ, როგორი კანონიც არ უნდა მივიღოთ ფულიანი და გავლენიანი ადამიანების წინააღმდეგ, მომავალი მმართველი პარტია მომავალი ფულიანი ოპოზიციონერის წინააღმდეგ გამოიყენებს. შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ქართული პოლიტიკა არ წასულა მისგან. შეუძლებელია, რიგ გადაწყვეტილებებზე მას გავლენა არ ჰქონდეს და თუ ინტერესი ექნება, პირდაპირი გავლენა ექნება”, – ამბობს საბო.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება:
“უკეთესი იქნება, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და მეფისნაცვლებით კი არ გველაპარაკოს, არამედ პასუხისმგებლობა თავად აიღოს, მათ შორის ასობით ადამიანზე ქვეყნიდან რომ გარბიან, ასობით ბავშვებზე სიღარიბის ზღვარზე რომ არის. ამ ყველაფერს კონკრეტული სახელი რომ დავარქვათ, პასუხისმგებელია არა ღარიბაშვილი და კობახიძე, არამედ მილიარდერი ივანიშვილი, რომელსაც 35 პროცენტზე მეტი აქვს საქართველოს მშპ-ზე. ასეთი ადამიანი ძარცვით არის დაკავებული. მნიშვნელოვანია დაბრუნდეს პოლიტიკაში…
ღარიბაშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თავისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე არის კმაყოფილი და გამძღარი მონა.
მე არ ვიკადრებ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე, რაც გინდათ, ის დაუძახეთო, ჩემი აღზრდა და ზრდილობა არ მომცემს უფლებას ის დავუძახო, რასაც ახლა მასზე სინამდვილეში ვფიქრობ , მაგრამ განცხადებები, რომ ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში და საერთო არაფერი აქვს ოლიგარქიასთან, არის თვალში ნაცრის შეყრა და უსინდისობა”, – ამბობს მანჯგალაძე.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ამბობს, ღარიბაშვილის წერილი ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს სანქციებმა კარზე მიუკაკუნა:
“რას ნიშნავს ღარიბაშვილის წერილი, სახელად “იმსიგრძეა, რა წამაკითხებს ბოლომდე”, იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს (და არა მარტო მას), სანქციებმა კარებზე მიუკაკუნა.
როგორ არა, ვხვდები ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეს შეხვედრები პოლიტიკური კი არა, ოჯახური ხასიათისააო. ვფიცავ, მდინარე იორდანეს წმინდა წყალს, მხოლოდ სამკურნალო და სპორტულ საკითხებზე ვსაუბრობთო.
“ქართუდან” და ივანიშვილის ბიზნესებიდან დანიშნული ხალხი მხოლოდ პროფესიული ნიშნით არიან შერჩეულები, მხოლოდ კონსტიტუციას ემონებიან და არა ივანიშვილსო, ანუ ოლიგაქიულ არაფორმალურ მართვასთან არა გვაქვს საქმეო.
დანარჩენი ლაქუცობები და შიშებია, შეგიძლიათ არ წაიკითხოთ”, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ გამორიცხულია, ეს წერილი ირაკლი ღარიბაშვილს დაეწერა, რადგან, ხუხაშვილის თქმით, მისი ლოგიკური ჯაჭვი მაქსიმუმ სამ მოქმედებიანია და ამდენ ინფორმაციას ვერ დაიტევდა”:
“წერილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის სტილისტიკაშია დაწერილი – გრძლად და მოიცავს ბევრ დეტალს და ისტორიას. ასე წერა მხოლოდ მას უყვარს და შეუძლია.
აქედან დასკვნა:
1. მისი დაწერილია და ღარიბაშვილის სახელით გამოქვეყნდა, კობახიძის და ყაველაშვილის არ იყოს.
2. ღარიბაშვილმა დაიქირავა სპიჩრაიტერები, რომლებმაც მაქსიმალურად მიამსგავსეს ბიძინას სტილს იმისათვის, რომ:
ა) ტექნიკურად “ემხილა” ბიძინა და დასავლეთისთვის ეთქვა, რომ თვითონ “პლენშია”.
ბ) წერილი დაწერა პირადად ბიძინასთვის და მისგან თავდასაცავად – რამე ცუდი არ იფიქრო, ისევ შენი ბიჭი ვარო”, – წერს პოლიტოლოგი.