უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, 15 ივლისის ანგარიშში ქვეყანაში არსებულ საომარ ვითარებას აჯამებს.
როგორც შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმა და ორი სოფლის აღების მცდელობა მოიგერიეს.
შტაბში აღნიშნავენ, რომ მტრის თავდასხმის მცდელობები ბახმუტის მიმართულებით, კოდემას და ბელოგოროვკას მიდამოებში იყო, თუმცა რუს სამხედროებს წინ ძლიერი წინააღმდეგობა დახვდათ, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს.
“სევერსკის მიმართულებით მტერი უკრაინა-რუსეთის საზღვრის მონაკვეთის გაძლიერებულ დაცვას განაგრძობს. საკუთარი ძალის დემონსტრირების მიზნით, რუსები პერიოდულად ისვრიან ჩვენი ჯარების პოზიციების მიმართულებით ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში.
ხარკოვის მიმართულებით, მტერი ცდილობს დაიკავოს ოკუპირებული ტერიტორიები და ხელი შეუშალოს ჩვენი ჯარების სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლას.
რაც შეეხება ვითარებას სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა და განაგრძოს შეტევითი ოპერაციები ამ მიმართულებით.
დონეცკის მიმართულებით კი მტერი კვლავ აგრძელებს თავდასხმას მძიმე არტილერიიდან და ტანკებიდან. ისინი ცდილობენ, აღმოაჩინოს სისუსტეები ჩვენი ჯარების დაცვაში.
რუსებმა დაიწყეს სარაკეტო შეტევა ნიკოლაევზე. რეგიონის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმის მნიშვნელოვანი საფრთხე კვლავ რჩება.
იმისათვის, რომ როგორმე გაამართლონ უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტების განადგურება, რუსი დამპყრობლები კვლავ იტყუებიან, თითქოს საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებსა და ეკლესიებში უკრაინის სამხედრო ნაწილებია განთავსებული.
მოგიწოდებთ, ენდოთ მხოლოდ სანდო წყაროების ინფორმაციას და არ გაავრცელოთ რუსული დეზინფორმაცია. ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.